მერაბიშვილმა უგულავას სოლიდარობა გამოუცხადა და ტელევიზორზე უარი თქვა
საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გიგი უგულავას სოლიდარობა გამოუცხადა და ტელევიზორზე უარი თქვა. როგორც მერაბიშვილმა სააპელაციო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე გამართულ პროცესზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა, გიგი უგულავას ტელევიზორს არ აძლევენ და ის საკანში მარტოა ჩაკეტილი.
„მე მას სოლიდარობა გამოვუცხადე და უკვე 2 კვირაა, არ მაქვს ტელევიზორი. ვიცი, რომ ივანიშვილი პირადად უყურებს ტელევიზორში ჩემი და სხვა პატიმრების ყოველდღიურ ცხოვრებას. დარწმუნებული ვარ, რომ მისმა შეხედულებებმა ჩემსა და გიგი უგულავას მიმართ არსებულმა მოლოდინმა, რომ შეგვეშინდებოდა, არ გაამართლა“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
ვანო მერაბიშვილმა ახალ ბრალდებას, რომელიც, მას, მიხეილ სააკაშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებს წაუყენეს, სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არის შეშინებული, სამარცხვინო კაცის საქციელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილ იქნა ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილოის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.