სალომე სამადაშვილი: თუ ჩვენ რუსეთი არ შევაჩერეთ უკრაინაში, შემდეგი მსხვერპლი გახდებიან სხვა დემოკრატიული სახელმწიფოები

“მსოფლიომ, სამწუხაროდ, ვერ შეძლო 21-ე საუკუნის ბოროტების, პუტინის რეჟიმის შეჩერება”,- ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” წევრი, სალომე სამადაშვილი უკრაინაში დაწყებულ ომთან დაკავშირებით აცხადებს.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მსოფლიო მოწყობის წინააღმდეგ გაილაშქრა.

“მე მსურს, რომ შევახსენო საზოგადოებას და შევახსენო ჩვენს ხელისუფლებასაც, რომ მსოფლიომ, სამწუხაროდ, ვერ შეძლო 21-ე საუკუნის ბოროტების, პუტინის რეჟიმის შეჩერება. 2008 წელს ჩვენს ქვეყანაში, რასაც მოჰყვა ჩვენი ქვეყნის დანაწევრება და 2014 წელს უკრაინაში ყირიმის ანექსიის შედეგად. დღეს ჩვენ ვდგავართ ყოფნა არყოფნის ზღვარზე, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოები. ვლადიმერ პუტინმა მსოფლიო მოწყობის წინააღმდეგ გაილაშქრა, რომელიც ეფუძნება ერის სუვერენიტეტის იდეას პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. დღეს ვლადიმერ პუტინი პირველი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილ მსოფლიო წესრიგს ანგრევს. ამიტომ, დღეს ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა არავის, რომ არ შეაჩეროს 21-ე საუკუნის ბოროტება ვლადიმერ პუტინის სახით უკრაინაში იმიტომ, რომ პუტინი უკრაინაში არ გაჩერდება.

ჩვენ 2008 წელს ვაფრთხილებდით მსოფლიოს, რომ შემდეგი მსხვერპლი საქართველოს შემდეგ უკრაინა იქნებოდა და მე დღეს მსურს, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაში. თუ ჩვენ ის არ შევაჩერეთ უკრაინაში, შემდეგი მსხვერპლი გახდებიან სხვა დემოკრატიული სახელმწიფოები, მათ შორის, ისინი, ვისაც დღეს შეიძლება, ჰგონია, რომ დაცულია ნატოს და ევროკავშირის ქოლგის ქვეშ. ამიტომ მივმართავ, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლებასაც, გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური განსხვავებები, გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა დიპლომატიურ ფრონტზე ჩვენი სახელმწიფოს და დემოკრატიული მსოფლიოს ინტერესების დასაცავად. დღეს ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, ვისაუბროთ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ განსხვავებებზე, თუ ამ ქვეყანას დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც მიაჩნია რომ ქართველი ხალხის ინტერესი არის უზენაესი ღირებულება მათთვის და თუ მათ სჯერათ რომ ჩვენი ადგილი არის, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოსი დემოკრატიულ სამყაროში”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები