უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე – ბელარუსის ტერიტორიიდან.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, შეტევა მიმდინარეობს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის და ჟიტომირის ოლქებში. იერიში ხორციელდება ანექსირებული ყირიმიდანაც.
რუსეთის სარაკეტო იერიშები განხორციელდა კიევში არსებულ სამხედრო საწყობებზეც, შედეგად, დაზიანდა 3 საცხოვრებელი სახლიც.
სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინას” ინფორმაციით, რუსეთმა დესანტი გადასხა ქალაქებში ოდესასა და მარიუპოლში და სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქ დნეპრის მახლობლად მდებარე სამხედრო ობიექტებზე. ოდესაში რუსული დესანტის გადასხმა უარყო უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბმა.
ქვეყნის მასშტაბით სარაკეტო იერიშების შედეგად ასეულობით დაზარალებულია. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაღუპულები.
24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება დონბასში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ჩატარების შესახებ. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, “დაიცვას ადამიანები”, რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან “გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან”. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობა”.
უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.