ღარიბაშვილის სწორმა ნაბიჯებმა და ეკონომიკის გახსნამ მიიყვანა ეკონომიკა იქამდე, რომ 10.6%-ით გაიზარდა, ბიუჯეტის დეფიციტი 9.6%-დან 6%-მდე შემცირდა – გიორგი ცუცქირიძე

ექსპერტი ეკონომიკის დარგში, გიორგი ცუცქირიძე, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის ერთწლიან საქმიანობას აჯამებს და Digest.ge-სთან იმ ეკონომიკურ წარმატებასა და პროექტებზე საუბრობს, რომელიც მთავრობამ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით ბოლო ერთი წლის განმავლობაში განახორციელა.

ცუცქირიძემ აღნიშნა, რომ პრემიერმა ქვეყანა რთულ ეკონომიკურ ვითარებაში ჩაიბარა და განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკის ორნიშნა ზრდაზე გაამახვილა. როგორც მან „დაიჯესტთან” საუბარში განაცხადა, ასეთი მაჩვენებელი არც რეგიონში და არც ევროპაში, ირლანდიის გარდა, არც ერთ ქვეყანას არ ჰქონდა.

„საკმაოდ კარგი წელი იყო ჩემი შეფასებით, გვქონდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა. ორნიშნაც იყო და 10.6% – ასეთი მაღალი ზრდა არც რეგიონში და არც ევროპაში, ირლანდიის გარდა, არავის ჰქონია.

გვქონდა ორი ლოკდაუნი, გაზაფხულზე და ნოემბერში. ნოემბერში გარკვეულწილად კვლავ ჩაიკეტა ეკონომიკა, რამაც ნეგატიური ზეგავლენა იქონია მასზე. ეკონომიკის კუთხით ძალიან რთული მოცემულობა გვქონდა, როდესაც ღარიბაშვილი მოვიდა ქვეყნის სათავეში. ეს ძირითადად გამოწვეული იყო კოვიდპანდემიით და არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ასე იყო. ძალიან დიდი პოლემიკა იყო, გაეხსნათ თუ არა ეკონომიკა. ძალიან დიდი რისკის ქვეშ იყო ეს საკითხი. მთავრობა, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, წავიდა ამ ნაბიჯზე, დაიწყო ბიზნესის გახსნა. სწორი გააკეთა, რომ ერთიანად არ გახსნა და არ დაუჯერა ცალკეულ ინტერესთა ჯგუფებს და ასოციაციებს. ამ სწორმა ნაბიჯებმა და ეკონომიკის გახსნამ მიიყვანა ეკონომიკა იქამდე, რომ, როგორც უკვე გითხარით, 10.6%-ით გაიზარდა, ბიუჯეტის დეფიციტი 9.6%-დან 6%-მდე შემცირდა. შემცირდა, ასევე, საგარეო ვალი, დაახლოებით 10 პროცენტული მაჩვენებლით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტურიზმი იწყებს აღდგენას, რომელსაც სარეკორდო შემოსავლები ჰქონდა წინა პანდემიურ პერიოდში, 2019 წელს 3 მილიარდს გადასცდა, რაც ვალუტის გამყარების და დასაქმების ძირითადი წყაროა.

ამ ყველაფერთან ერთად გვქონდა მაღალი ექსპორტი, დაახლოებით წლიური 26% ზრდა. ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება. იანვარში იყო სარეკორდო 28%.

თუ რამე კატასტროფული არ მოხდა, ვგულისხმობ გარედან რაიმე შოკს, მაგალითად, რისკები უკრაინიდან და რუსეთიდან, თუ ეს პრობლემა მოიხსნება, წელს გვაქვს ძალიან კარგი პერსპექტივა ეკონომიკის ზრდის.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მთავრობის პოზიტივია. გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა სწორედ პრემიერ-მინისტრზე მოდის. გახსნა არ იყო მარტივი და ეს ნაბიჯები სწორი აღმოჩნდა”, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

ექსპერტმა, ასევე, ისაუბრა „განახლებული რეგიონების” პროგრამაზე.

მისი თქმით, ამ პროგრამით ძირითადად დასაქმდებიან ის ადამიანები, რომელთაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ. ახალი ცვლილების თანახმად კი, რაც არის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა, სოციალურად დაუცველებს შეეძლებათ მუშაობა და დამატებითი ფინანსების მიღება ისე, რომ მათ არ მოეხსნებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი.

„ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. ბიუჯეტიდან არის საკმაოდ სოლიდური თანხა გამოყოფილი, დაახლოებით 500 მილიონი. ეს ითვალისწინებს განსაკუთრებით რეგიონებში ინფრასტრუქტურის აღდგენას.

ინფრასტრუქტურა ეს არის გზები, მშენებლობები, ყოფილი სახელმწიფო დაწესებულებები. აქ ადამიანები დასაქმდებიან. ეს ეხება ძირითადად იმ ადამიანებს, ვისაც აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი. იმის გამო, რომ არ მოეხსნათ ეს სტატუსი, ისინი თავს არიდებენ სამსახურის დაწყებას. ახლა კი ასე არ იქნება, ეს ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დამატებით მიიღოს შემოსავალი და დასაქმდეს. ეს, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი კონტრიბუტორი იქნება”, – განაცხადა ექსპერტმა.

გიორგი ცუცქირიძემ „Rothschild & Co”-სთან შეთანხმებაზეც ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც, კომპანიამ დაიწყო მუშაობა საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიაზე. ასევე, ინვესტიციების და დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის მიმართულებით.

„ჩვენი გეოპოლიტიკური სიტუაცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ქვეყანა იყოს არა მარტო ლოჯისტიკური ცენტრი, არამედ იყოს ფინანსური ჰაბი რეგიონში. ეს კომპანია არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კორპორაცია, ძალიან დიდი გამოცდილებითა და გავლენებით. მათთან თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, დიდი წარმატებაა. ეს ქვეყანას დაეხმარება ინვესტიციებისა და ფინანსების მოზიდვაში”, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები