დიმიტრი ხუნდაძე: არ შეიძლება, სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში ავურიოთ – მოვუწოდებ ყველა ქართველს, არ აყვნენ ოპოზიციის ნაწილის პროვოკაციულ ქმედებას

“არაერთხელ გვითქვამს, რომ არ შეიძლება, სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში ავურიოთ, თუნდაც ჩვენს ოკუპანტთან, ამით ჩვენს მორაგბეებს ვაყენებთ ცუდ მდგომარეობაში”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “ნაციონალური მოძრაობა” საქართველო-რუსეთის რაგბის ნაკრებებს შორის მატჩზე პროვოკაციას გეგმავს.

ხუნდაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ოპოზიციის ნაწილის პროვოკაციულ ქმედებებს ნუ აყვებიან.

“არაერთხელ გვითქვამს, რომ არ შეიძლება, სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში ავურიოთ, თუნდაც ჩვენს ოკუპანტთან, ამით ჩვენს მორაგბეებს ვაყენებთ ცუდ მდგომარეობაში. ის, ვინც დღეს ასეთ პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს, რუსულ პოლიტიკას ახორციელებს საქართველოში, რადგან ასეთი პროვოკაცია საკუთარი ქმედების განსახორციელებლად, მხოლოდ რუსეთს აწყობს. ჩვენ ვხედავთ ამ უმძიმეს დღეებში უკრაინის პრეზიდენტის თავშეკავებას და სიდინჯეს. ასევე იქცევა უკრაინელი ხალხიც. ეს არის სწორი პოზიცია. ამ თავშეკავების ფონზე მთელი მსოფლიო მუშაობს რუსეთის შესაჩერებლად. იმედს ვიტოვებთ, საქართველოს მაგალითი აღარ განმეორდება. მოვუწოდებ ყველა ქართველს, არ აყვნენ ოპოზიციის ნაწილის პროვოკაციულ ქმედებას. დიახ, დღეს ყველას გვტკივა უკრაინა, ის ჩვენი უახლესი წარსულის გაცოცხლებაა, მაგრამ გონებით ვიმოქმედოთ და მაშინ აუცილებლად გავალთ შედეგზე”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები