ვახტანგ მაისაია – „მძიმე და რთული ვითარებაა არა მარტო უკრაინაში, არამედ – ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში“

„მძიმე და რთული ვითარებაა არა მარტო უკრაინაში, არამედ – ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში“ – ამის შესახებ უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსმა, ვახტანგ მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მაისაიამ უკრაინის ირგვლივ განვითარებული პროცესები შეაფასა.

„მოგახსენებთ გუშინდელი დრამატულად განვითარებული მდგომარეობის შესახებ. გუშინ პროცესები ისე განვითარდა, რომ შეიძლება, სიტუაცია უფრო მეტად გართულდეს. მხედველობაში მაქვს ის, რომ რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატამ, ფაქტობრივად, აღიარა და რატიფიკაცია მოახდინა იმ შეთანხმებისა, რომელიც კრემლსა და სეპარატისტული რეჟიმების წარმომადგენლებს შორის დაიდო. კიდევ ერთი ნიუანსი იყო, რომელიც, რატომღაც, ჩვენს მედიასაშუალებებში არ გაშუქდა. გუშინვე რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ რუსეთის პრეზიდენტის თხოვნა დააკმაყოფილა და უფლება მისცა, რომ პრეზიდენტმა ქვეყნის შეიარაღებული ძალები მის ფარგლებს გარეთ გამოიყენოს. ესაა საკმაოდ უნიკალური მოვლენა. ასეთი მოვლენა რუსეთის ფედერაციის ისტორიაში ორჯერ განხორციელდა. რუსი პოლიტიკური მოხელეები და თანამდებობის პირები არ მალავდნენ, რომ აღნიშნული აქტი სწორედ უკრაინაში არსებულ ვითარებასთან მიმართებით განხორციელდა, ანუ, ფაქტობრივად, ვლადიმერ პუტინს აქვს სრული კარტბლანში, ყოველგვარი სახელმწიფო ორგანოების ინტერესების გათვალისწინების გარეშე დამოუკიდებლად იმოქმედოს. საუბარია რუსეთში მაღალ პოლიტიკურ ინსტიტუტებზე. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ პუტინმა ქართული სცენარი გაიმეორა. პრინციპში ეს ასეა, ოღონდ რამდენიმე დათქმით. დათქმა იმაში მდგომარეობს, რომ 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის არაღიარებული სუბიექტების ცნობა მას შემდეგ მოახდინა, რაც რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები, კოდორის, ლიახვის ხეობის, ახალგორის რაიონები მთლიანად დაიკავეს. შემდგომში მოხდა მათი ე.წ. აღიარება იმ საზღვრებში, რომელსაც ისინი აკონტროლებდნენ. ახლა პირიქით მოხდა. დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებს ადგილობრივი რუსი სეპარატისტები მხოლოდ 40 %-ით აკონტროლებენ, დანარჩენი 60 % უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელშია. იქ შექმნილია სპეციალური ოპერაციათა ძალების ოპერატიული დაჯგუფება, რომელიც ტერიტორიის 60 %-ზე სიტუაციას აკონტროლებს. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ, როგორც ჩანს, რუსეთი სამხედრო კამპანიას გააგრძელებს და შეეცდება, რომ დონეცკის და ლუგანსკის რაიონები მთლიანად დაიკავოს.
მინდა, ასევე ახალი ინფორმაცია გაცნობოთ: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გუდაუთის მიმდებარე რაიონში, სარკინიგზო პლატფორმიდან, ე.წ. მეშვიდე სამხედრო ბაზის ტერიტორიიდან დაახლოებით რამდენიმე ათეული საბრძოლო ტანკი დაიტვირთა, ესაა მოდერნიზებული T 72. მას სპეციალური დამცავი მოწყობილობა გააჩნია, რომელიც ჯაველინების და სხვა ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების წინააღმდეგაა განკუთვნილი. უცნობია, ეს ეშელონი საით მიემართება, ჩრდილოეთით, თუ სამხრეთით, ანუ ეს არის ჩვენს წინააღმდეგ განკუთვნილი გადაადგილების მომენტი, თუ უკრაინის მიმართულებით მიდის. ეს ფაქტიც იმაზე მეტყველებს, რამდენად მძიმე და რთული ვითარებაა, არა მარტო უკრაინაში, არამედ ჩვენს რეგიონში სამხრეთ კავკასიაში“, – განაცხადა მაისაიამ.

ანალიტიკოსი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოსკოვში შეხვედრას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ, ფაქტობრივად, რუსეთმა აზერბაიჯანის სახით კავკასიის რეგიონში მეორე სტრატეგიული მოკავშირე გაიჩინა.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რომლის არაღნიშვნა არ გამოვა. გუშინ მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ჩავიდა. ესაა საინტერესო მომენტი. აზერბაიჯანმა და რუსეთმა, ფაქტობრივად, ორმხრივი სამხედრო ალიანსის შეთანხმება გააფორმეს. მართალია შეთანხმებას ასეთი ოფიციალური სახელი არ გააჩნია , მას დეკლარაციის სათაური აქვს, მაგრამ დეკლარაციის 42 პუნქტი, ფაქტობრივად, სამოკავშირეო ხელშეკრულების სულისკვეთებას შეესაბამება, განსაკუთრებით სამხედრო-პულიტიკური თანამშრომლობის მიმართულებით. ფაქტობრივად, აზერბაიჯანი და რუსეთი სამხედრო მოკავშირეები გახდნენ. ამის ფონზე გასაგები მიზეზების გამო, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმა უშიშროების საბჭო მოიწვია. ფაქტობრივად, რუსეთმა აზერბაიჯანის სახით კავკასიის რეგიონში მეორე სტრატეგიული მოკავშირე გაიჩინა. ეს საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა. ეს დაემთხვა დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების ცნობის ფაქტს. როგორც ჩანს, რუსეთმა ამით მიანიშნა, რომ მისი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მისწრაფებების არეალი სამხრეთ კავკასია იქნება, აღმოსავლეთ ევროპასთან ერთად. ესაა ყველაზე საინტერესო მომენტი: უკვე რუსეთმა დააფიქსირა, რომ ის თავისი გეოსტრატეგიული ამბიციების განხორციელებას ორი მიმართულებით აპირებს. ეს მოვლენების საკმაოდ სერიოზული განვითარების ალბათობაზე მიუთითებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას უკავშირდება“, – განაცხადა მაისაიამ.
ანალიტიკოსი დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებსაც გამოეხმაურა.
„რაც შეეხება იმ პროცესს, რომელიც სანქციების გამოცხადებას უკავშირდება. გუშინ კოლექტიურმა დასავლეთმა რუსეთის ფედერაციაზე ერთდროული შეტევა განახორციელა. სასიამოვნოდ უცნაური იყო გერმანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, რომელმაც, ფაქტობრივად, საბოლოოდ დაასამარა „ჩრდილოეთ ნაკადი 2 -ის“ 11 მილიარდ დოლარიანი პროექტი. უფრო შორს წავიდა აშშ, რომელმაც კონკრეტული სუბიექტები გამოყო. ამერიკის სანქციები რუსეთის პოლიტიკური და ბიზნესელიტის წინააღმდეგაა მიმართული. სათვალავში პუტინის პირადი ოლიგარქები არიან აყვანილები. ამერიკამ ფაქტობრივად, გამოაცხადა ის, რომ რუსეთს დასავლეთის ნებისმიერი ქვეყნიდან სესხის აღება ეკრძალება. რა თქმა უნდა, ამან სერიოზული ეკონომიკური ძვრები გამოიწვია. რუსეთის რუბლის გაუფასურებამ 20 %-ს მიაღწია, საფონდო ბირჟებზე სრული პანიკაა. მეორე მომენტია ის, რუსეთის წინააღმდეგ ეს რამდენად ეფექტიანი იქნება. პირდაპირ უნდა ვთქვათ, დასავლეთმა ეკონომიკური სანქციებისა და ბლოკადის სრული რესურსი უკვე საბოლოოდ გამოიყენა“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები