თამარ გაბუნია: ძალიან რთულია, ზუსტად ვთქვათ, რა პერიოდი დაგვჭირდება ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების სრული სტაბილიზაციისთვის
“ჩვენ გვაქვს უკვე დადებითობის მაჩვენებლის კლებაც და, ასევე, აბსოლუტურ რიცხვებში შემთხვევების კლებაც”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას აცხადებს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე რთულია, ითქვას, რა პერიოდია საჭირო ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების სრული სტაბილიზაციისთვის.
“ჩვენ გვაქვს უკვე დადებითობის მაჩვენებლის კლებაც და, ასევე, აბსოლუტურ რიცხვებში შემთხვევების კლებაც. გუშინ იყო 12 ათასი, დღეს არის 10 ათასზე ოდნავ მეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ იკლებს მაჩვენებელი, ასევე იკლებს დადებითობის მაჩვენებელიც. დადებითობის მაჩვენებელი, როგორც ვიცით, ეს არის 5%, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გავრცელების რისკები არის ნაკლები. ამდენად, როგორც კი მივუახლოვდებით უკვე ამ მაჩვენებლებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადავედით სრულ სტაბილიზაციაში.
ძალიან რთულია ზუსტად ვთქვათ, რა პერიოდი დაგვჭირდება ისევ სრული სტაბილიზაციისთვის და სრული ნორმალიზაციისთვის ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების. მაგრამ, სხვა ქვეყნების გამოცდილება უჩვენებს, რომ ეს იყო სწრაფი დაღმასვლა, ამდენად, მოლოდინი იმის, რომ ის უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე მოხდა დელტა შტამის შემთხვევაში ან წინა შტამების შემთხვევაში, ამდენად შესაძლებელია, ეს იყოს რამდენიმე კვირა, ჯერ უნდა მივყვეთ ეპიდემიურ ტენდენციას და შემდეგ გვექნება პასუხი,” – აცხადებს თამარ გაბუნია.