თეა ახვლედიანი: მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და იმედს გამოვთქვამ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მკაცრ და სათანადო რეაგირებას მოახდენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის კიდევ ერთ ამ მორიგ ფაქტზე
ჩვენ ვიხილეთ საოკუპაციო რეჟიმის მორიგი უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა უკრაინაში, მისი განუყოფელი ტერიტორიების დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების სახით. მსგავსი სცენარი, როგორც ყველას გვახსოვს, განხორციელდა საქართველოში 2008 წელს, როდესაც ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციის შემდგომ, აღიარეს ე.წ. დამოუკიდებელ ქვეყნებად ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონები, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და იმედს გამოვთქვამ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მკაცრ და სათანადო რეაგირებას მოახდენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის კიდევ ერთ ამ მორიგ ფაქტზე,“- განაცხადა თეა ახვლედიანმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა.
„არავის და არაფრის გვეშინია, არავის არაფერს მივცემთ – ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
კიევი ნორმანდიული ოთხეულის საგანგებო სამიტის გამართვას ითხოვს.