კახა კალაძე: მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას

“ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ის განცხადება, რაც გუშინ მთელმა მსოფლიომ მოისმინა. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას.

კალაძის თქმით, აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც საქართველო, ისევე – როგორც უკრაინა, ერთიანი იქნება.

“ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ის განცხადება, რაც გუშინ მთელმა მსოფლიომ მოისმინა. სეპარატისტული რეგიონების, ლუგანსკისა და დონეცკის “აღიარება” კატეგორიულად მიუღებელია და რა თქმა უნდა, ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც მთელი ქვეყნის გარკვეულ ნაწილს ვიღაც ამოგლეჯს. ეს გამოცდილება ჩვენც გამოვლილი გვაქვს და მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, მშვიდობა ვუსურვო საქართველოს და რა თქმა უნდა, აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც საქართველოც იქნება ერთიანი და ასევე, უკრაინაც იქნება ერთიანი. საქართველო იყო ერთ-ერთი მოწინავე და პირველი ქვეყანა, ვინც რეზოლუცია მიიღო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. ჩვენ ყოველთვის ვიდექით, ვდგავართ და მომავალშიც ვიდგებით უკრაინელი ხალხის გვერდით”, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები