მიხეილ სააკაშვილი: მადლობა სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის

“მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სიმართლის თქმისთვის – რომ საბუთები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ჩემსა და თემურ ჯანაშიას უდანაშაულობას, უბრალოდ, მოპარულია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან”, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

“ცოტა დამაბნია იმან, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მე მადანაშაულებს, რომ მე მას ვემუქრებოდი. რანაირად უნდა დაემუქროს ვინმეს უუფლებო ტყვე? უბრალოდ, გავაფრთხილეთ, რისი გამკეთებელია არსებული რეჟიმი.

ყველა შემთხვევაში, კიდევ ერთხელ მადლობა ძირითად საკითხზე სიმართლის თქმისთვის.

გაირკვა, რომ თვითონ მოიპარეს დოკუმენტები და ახლა ეს ქურდები მე მასამართლებენ!”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია სულავამ მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელი არ მიუწვდება 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საიდუმლო გრიფით გამოცემულ მასალებზე და, შესაბამისად, ვერ განახორციელებდა მის გასაიდუმლოებას. მისივე თქმით, საქართველოს ეროვნულ უშიშროების საბჭოში დაცული ყველა დოკუმენტი გადაგზავნილ იქნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. სულავას თქმითვე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოკლებულია შესაძლებლობას, დღეის მდგომარეობით, იმსჯელოს აღნიშნულ დოკუმენტებსა და მათ გასაიდუმლოებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები