აშშ-ის წარმომადგენელი გაერო-ში: პუტინი ომის საბაბს ქმნის
პუტინის სატელევიზიო გამოსვლა, რომელშიც მან დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების აღიარების შესახებ გამოაცხადა, შეიცავდა ცრუ განცხადებებს, რომელიც მიმართულია ომის დასაწყებად საბაბის შექმნისთვის, – განაცხადა გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდმა.
გაეროში აშშ-ის ელჩის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა „მინსკის შეთანხმება გაანადგურა“ და მოსკოვის ამჟამინდელი ქმედებები „აშკარად არის საფუძველი უკრაინაში შემდგომი შეჭრის საბაბის შექმნის მცდელობისა“.
“რუსეთის ქმედებების შედეგები საშინელი იქნება უკრაინისთვის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის”, – აღნიშნა თომას-გრინფილდმა თავის გამოსვლაში.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი “საერთაშორისო სისტემას ტესტავს” და აპირებს, აჩვენოს, რომ ძალის გამოყენებით შეუძლია, „გაერო ფარსად აქციოს“.
„ამ კრიზისის საპასუხოდ, ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ“, – აღნიშნა გრინფილდმა.