გიორგი ცუცქირიძე: დგება ახალი ერა, რაც პუტინისტური რუსეთის სრულ საერთაშორისო იზოლაციას ითვალისწინებს

“PAX BRITANICANA.  დგება ახალი ერა, რაც პუტინისტური რუსეთის სრულ საერთაშორისო იზოლაციას ითვალისწინებს. განცხადებები, რომ პუტინი აპირებს ევროპაში ომს, რომლის ანალოგიც ევროპას 1945 წლის შემდეგ არ ახსოვს, პირდაპირ ახდენს ასოციაციებს ფაშისტურ გერმანიასთან”, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ჯონსონის განცხადება, რომ ” ჩვენ არ დავუშვებთ მეორე იალტას, ევროპის მეორე დაყოფას გავლენის სფეროებად და ახლა ჩვენ უარი უნდა ვთქვათ პუტინის ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულებაზე, აჩვენებს ბრიტანეთის გაზრდილ გეოპოლიტიკურ გავლენებზე.

ომი, უკრაინაში გარდაუვალია, რადგან ეს არის თავად რუსული იმპერიის ბოლო არჩევანი. იმპერია იშლება და მას სხვა ალტერნატივა არა აქვს. რუსეთმა ამ ულტიმატუმით პირწმინდად წააგო არა მხოლოდ დასავლეთთან, არამედ ყველა ე.წ მოკავშირესთან, თურქეთთან და ჩინეთთან, რომელმაც ამ პერიოდში, ფაქტობრივად, მთელი შუა აზია გადაიყვანა თავის გავლენის სფეროში, ხოლო გაეროს უშუშროების საბჭოს სხდომაზე, ფაქტიურად უკრაინას დაუჭირა მხარი.

რა რჩება ამ დროს რუსეთს? არც არაფერი. მან საბოლოოდ გადაიკიდა მთელი ევროპა, პირველ რიგში ყველა ის ქვეყანა ვისაც უკრაინასთან საზღვარი სახმელეთო ან საზღვაო საზღვარი აკავშირებს, იქნება ეს, პოლონეთი, სლოვაკეთი, მოლდოვა თუ რუმინეთი.

რუსეთის ველიკოდერჟავულმა გეო პოლიტიკამ დასავლეთთან სრული კაპიტულაცია გამოაცხადა. ვერც სტრატეგიული შეიარაღებით და ვერც ევროპაში დიდი ომით ვერ შეაშინა დასავლეთი, აქ ზოგიერთ ექსპერტს თუ პოლიტიკოს რომ ეგონა. რუსულ პოლიტელიტას რატომღაც დაავიწყდა, რომ გასული საუკუნის 90′-იან წლებში, ფაქტიურად დაშლილი რუსეთი, ისევ დასავლეთმა გადაარჩინა, ერთადერთი ჩინური ექსპანსიის შიშით და არა რუსეთისადმი სიყვარულის გამო

პუტინმა იმდენი ქნა, რომ შუა აზია ხომ ფაქტიურად ჩინეთს გადაულოცა და ციმბირის დიდი ნაწილიც, თავისი ნედლეულით ჩინეთის ექსკლუზიურ ფაქტორად აქცია, რითაც ის ტოტი მოჭრა რაზეც თავად იჯდა!

პუტინის დღეები დათვლილია, ისევე როგორც რუსული იმპერიის, რომელსაც უახლოეს 2-3 წელიწადში სულ მინიმუმ 8 ნაწილად დაშლის პერსპექტივა აქვს.

ახლა პუტინმა დონეცკის და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკები, რომც აღიაროს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, მაინც აღარაფერი უშველის!

პირიქით, მისი მმართველობის თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ მიმართულ და ანტიჰუმანურ პერიოდს კიდევ უფრო დააჩქარებს, მას თუ უკრაინის გამბიტზე წავა, ახალი ნიუნბერგი არ აცდება, რუსული კარტის დასრულება კი ჩვენთვისაც ახალი შანსი იქნება!

თავად ლუგანსკის და დონეცკის ე.წ რესპუბლიკების აღიარება, ისევ ჩვენს წისქვილზე დაასხავს წყალს, რადგან კიდევ უფრო გაზრდის ჩვენს შანსებს რუსული შემოჭრის დეოკუპაციის თვალსაზრისით, ვიქნებით რა პირდაპირ ჩართული რუსული ოკუპაციის წინააღმდეგობის გლობალურ კონტექსტში.

დრო ახლა ჩვენზე მუშაობს, ჩვენ თვალწინ იქმნება ახალი გეო პოლიტიკური ღერძები, რაზეც წინა პოსტებშიც ვწერ და სადაც ინტეგრირების ფანტასტიკური შანსი გვეძლევა, წმინდა გეო ეკონომიკური და გეო სტრატეგიული კუთხით.

დღეს, კოლაბორაციონიზმი ისევე დამყუპველი იქნება, როგორც სირაქლემას პოზაში თავის ჩარგვა, რადგან ამ შანსის ხელიდან გაშვებას მომავალი არ გვაპატიებს. ეს ოცნებასაც ეხება და ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისაც რაიმე პრეტენზია აქვს ქვეყნის მომავალზე”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები