არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ „კაზანტიპის“ წინააღმდეგ განცხადება გაავრცელა

უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „თქვენი უფლებებისათვის“  სპიკერი გიორგი თევზაძე  კატეგორიულად დაუშვებლად  მიიჩნევს ანაკლიაში მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დაგეგმილ ე.წ. „კონცერტს“  და ხელისუფლებას და საპატრიარქოს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოში, კერძოდ ანაკლიაში დაგეგმილი ე.წ. ფესტივალი „კაზანტიპი“ სხვა არაფერია თუ არა ანტიეროვნული, ანტიზნეობრივი და ანტიმართლმადიდებლური ღონისძიება, რომლის პირდაპირი დანიშნულებაა მომავალი თაობების  ახალგაზრდობის ზნეობრივი გახრწნა. არც ერთი თეთრის მოგება არ ღირს იმის ფასად, რომ ჩატარდეს მსგავსი უმსგავსო და უზნეო ღონისძიება. გამაოგნებელია იმ პირთა კომენტარები, რომლებიც დადებთად აფასებენ და მხარს უჭერენ ამ ე.წ. „კონცერტს’. ასევე საყურადღებოა ის პასიური მიდგომები და ცალკეულ შემთხვევებში მხარდამჭერი დამოკიდებულება ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. ეს სამწუხარო რეალობა საკმაოდ მძიმე შედეგებს გამოიწვევს, მითუმეტეს საუბარია წლების განმავლობაში საქართველოში ამ ღონისძების ჩატარებაზე. ამ ფაქტის რეაგირებისა და აკრძალვის გარეშე  დატოვების შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე დაეკისრება მოქმედ ხელისუფლების კონკრეტულ პირებს, რომელთა კომპეტენციას და ასევე ვალდებულებას განეკუთვნება ასეთი საკითხების გადაწყვეტა საზოგადოების უმრავლეობის ნების გათვალისწინებით. დარწმუნებული ვართ, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია უარყოფით პოზიციას იკავებს ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, შესაბამისად გვსურს ვთხოვოთ საქართველოს საპატრიარქოს გამოკვეთილი პოზიცია დააფიქსიროს და მეტი ძალისხმევა გამოიჩინოს ამ ე.წ. „ღონისძიების“ აკრძალვისათვის. ეს არის მთელი  მართლთლმადიდებლური საზოგადოების ვალდებულება და პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე“, – აღნიშნულია უფლებადამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „თქვენი უფლებებისათვის“  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები