ვახტანგ ჭარაია: „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევა 2020 წელს ეფუძნება, შედეგი დამთრგუნველი არ უნდა იყოს
ეკონომისტი, ვახტანგ ჭარაია ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ბოლო კვლევას ეხმაურება.
„გამოქვეყნდა „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის “ უახლესი კვლევა „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“, რომელშიც საქართველოს პოზიციები ცალკეული კომპონენტების მიხედვით გაუარესებულია, ცალკეული კომპონენტების მიხედვით გაუმჯობესებულია. მაგალითად, გაუარესება გვაქვს ფისკალური თვალსაზრისით, რადგანაც ეს კვლევა მოიცავს 2020 წელს. 2020 წელს ჩვენ გვქონდა საკმაოდ დიდი გარღვევა იმ თვალსაზრისით, რომ მნიშვნელოვნად გავზარდეთ სახელმწიფო ვალი, ბიუჯეტის დეფიციტი. მთლიანობაში, დიდი რაოდენობით ადამიანმა დაკარგა ან გაეყინა სამუშაო ადგილები. მსგავსმა ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ რადგან ეს კვლევა 2020 წელს ეფუძნება, გაუარესება მივიღეთ. თუმცა, 2021 წლის შედეგები როცა გამოვა, 2020 წლის შედეგებს გადაჯაბნის, რადგან ყველა ის პარამეტრი, რომელიც ჩამოვთვალე, გაუმჯობესდა. 2020 წელს არის პარამეტრები, რომელიც გაუმჯობესდა, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური პანდემიის დასაწყისი იყო და მთელი რიგი უარყოფითი მოვლენები დაფიქსირდა, არის ასეთი პუნქტი, როგორიცაა „მთავრობის კეთილსინდისიერების ინდექსი“, რომელიც გაუმჯობესდა. ასე რომ, არის როგორც გაუარესებები ფუნდამენტური მიზეზებიდან გამომდინარე, ასევე, გაუმჯობესებებიც.
მთლიანობაში, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს კვლევა 2020 წელს ეფუძნება და, შესაბამისად, 2020 წლის შედეგებზეა დამყარებული. არის უამრავი სხვა კვლევა, რომელიც 2021 წელს ეფუძნება და მალე გამოვა, იქ შედეგი სხვანაირი იქნება. თუმცა, „ჰერითიჯის“ ეს შედეგი დამთრგუნველი არ უნდა იყოს. ერთი შეხედვით, გარკვეულ პოზიციებში უკან დავიხიეთ, მაგრამ მთლიანობაში ძალიან ლოგიკური და საფუძვლიანი მიზეზებია, რის გამოც ეს შედეგი დაფიქსირდა“, – განაცხადა ჭარაიამ.