თუ რაღაც განსაკუთრებულს გამოვრიცხავთ, მაშინ ლარი, წესით, დაახლოებით იმ ნიშნულზე იმერყევებს, სადაც არის, – ამის შესახებ ეკონომისტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის“ დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჭარაიამ ლარის კურსის მერყეობის მიზეზებზე ისაუბრა.
„მოგეხსენებათ, ლარი ბოლო პერიოდში მერყევი მიდგომით გამოირჩევა. ლარის როგორც გამყარებას, ასევე გაუფასურებასაც, რა თქმა უნდა, თავის ახსნები აქვს. მთლიანობაში, ლარის ირგვლივ მდგომარეობა საკმაოდ არამყარია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლარს რაიმე დიდი ნახტომისებური ან გაუფასურება, ან გამყარება ელოდება, თუ მსოფლიო მასშტაბით რაიმე გრანდიოზული მოვლენა არ მოხდა. თუ რაღაც განსაკუთრებულს გამოვრიცხავთ, მაშინ ლარი, წესით, დაახლოებით იმ ნიშნულზე იმერყევებს, სადაც არის. სავარაუდოდ, მაღალი ალბათობით, მოსალოდნელია, რომ მას ფასებზე რაიმე განსაკუთრებული ზეგავლენა არ ექნება. თუმცა, შეიძლება, ლარის შემდგომი გაუფასურების მიზეზებიც მრავლად იყოს. მაგალითად, ასეთი გახლავთ რუსეთ- უკრაინის დაპირისპირება, რომელიც ერთი შეხედვით შეჩერდა, რუსეთმა თქვა, რომ, ვითომ, ჯარები გამოჰყავს, ნატო ამბობს, არ გაუყვანიაო, ანუ ესკალაციის საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს. შესაბამისად, ლარზე ეს ძალიან ნეგატიურად მოქმედებს. თუ საბოლოოდ ეს ომი შედგა, ეს ქართული ლარისთვის მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა იქნება. ასევე, აღსანიშნავია, რომ ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა მსოფლიო მასშტაბით ბოლო 2 წლის განმავლობაში იაფი დოლარის პოლიტიკას ატარებდა, რისი დროც სრულდება და ამას ამერიკელები უკვე ღიად აცხადებენ. შესაბამისად, მსოფლიო მასშტაბით დოლარის გამყარებაა მოსალოდნელი. ამას ქართულ ლარზე თავისი უარყოფით ეფექტი ექნება.
თუმცა, არის ფაქტორები, რომელიც ლარზე პოზიტიურად მოქმედებს, მაგალითად, გაზრდილი ექსპორტი, რომელიც ისტორიულ მაქსიმუმზეა, ფულადი გზავნილები, რომელიც აგრეთვე ბოლო პერიოდში თავის ერთ-ერთ უმაღლეს ნიშნულზეა, წინა წელთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდა და სხვა ფაქტორების გამოსწორება.
შესაბამისად, არის როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური ფაქტორები, რომელიც ლარზე მოქმედებენ.
ჩამოთვლილი ფაქტორებიდან ნათელია: ლარის მდგომარეობა და მომავალი არც ისე მარტივია, რომ ასე ცალსახად, ხელაღებით ვთქვათ, რომ ლარი აუცილებლად გამყარდება, ან გაუფასურდება. ბევრი ფაქტორი როგორც პოზიტიურად, ისე ნეგატიურად მოქმედებს“, – განაცხადა ჭარაიამ.
ჭარაიამ ლარის კურსის ფასებზე გავლენის საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი განმარტებით, ფასები მხოლოდ ლარის კურსზე დამოკიდებული არაა.
„ფასებზე ზეგავლენაა მნიშვნელოვანი მომენტი. მოსახლეობას სურს, რომ ლარის გარკვეული პროცენტებით გამყარება, რომელიც დაფიქსირდა, ფასებზე აისახოს. მათი მესმის. თუმცა, მინდა, პროფესიული თვალსაზრისით განვმარტო, რომ ფასები მარტო ლარის კურსზე დამოკიდებული არაა. დღეს მსოფლიოში, მოგეხსენებათ, ინფლაციური პროცესები ყველგან მიმდინარეობს. ბოლო 30-40 წლის მაქსიმუმებზე არიან აშშ, გერმანია, ევროკავშირი. ინფლაცია, ზოგადად, მსოფლიო მოვლენაა. რა კავშირი აქვს ამას ჩვენთან არსებულ ფასებზე: როდესაც საზღვარგარეთ გაძვირებული პროდუქტი ქვეყანაში შემოდის, რა თქმა უნდა, ამას ლარის მცირედით, 1 და 2 %-იანი გამყარება ვერ უშველის, საჭიროა, რომ მსოფლიოში ინფლაციური პროცესების თვალსაზრისით სტაბილურობა დადგეს. აღსანიშნავია ისიც, რომ რადიკალურად გაზრდილია ტრასპორტირების ხარჯები, არის ცალკეული პროდუქტები, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაძვირდა, მაგალითად, იგივე, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების გამო ნავთობპროდუქტებზე ფასებმა მნიშვნელოვნად იმატა და ქვემოთ არ ჩამოდის. ფასების კლებას სხვადასხვა პოზიტიური ფაქტორის კომბინაცია სჭირდება, რომლებიც, საბოლოოდ, ფასებს შეამცირებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ პოზიტიურ სიგნალს მხოლოდ ლარის კუთხით ვხედავთ, დანარჩენი კომპონენტები, რომლებიც ფასების შემცირებას უნდა განაპირობებდეს, სამწუხაროდ, უარყოფითი მიმართულებით მოძრაობს. თანაც მნიშვნელოვანია, რომ ლარი თვეების განმავლობაში, როგორც მინიმუმ, 1-2 თვის განმავლობაში, იმ გამყარებულ ნიშნულზე იყოს, რომელზეც მოთხოვნა გვაქვს, რომ ფასები უნდა შემცირდეს. სამწუხაროდ, ვერც ლარის კურსია გრძელვადიანად გამყარებული“, – განაცხადა ჭარაიამ.
ცნობისთვის, გამყარების შემდეგ ბოლო დღეებში ლარი გაუფასურდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9934 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4065 ლარია.
თამუნა შეყილაძე