ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე 12 ახალი პროექტი წარადგინა
ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე კიდევ 12 ახალი პროექტი წარადგინა. პროექტებს შორის არის კოსტავას და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაცია, ოზურგეთში ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა, ახალი სკვერების მოწყობა და თეატრის წინ, ქალაქის ცენტრალური მოედნის განვითარება.
ოზურგეთში ქალაქის ორი ცენტრალური ქუჩის – ჭავჭავაძის და კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია და განახლება იწყება – ახალი პროექტები ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე წარადგინა. საქართველოს მთავრობის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, იგეგმება გზის საფარის, ტროტუარების, გამწვანების და ელექტროკომუნიკაციების სრულად განახლება და მოწყობა. რამდენიმე წელია ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი – კოსტავას ქუჩა სავალალო მდგომარეობაშია, რადგან წინა წლებში მერიამ ვერ შეძლო სათანადო პროექტის მომზადება და მისი ინიცირება.
„არჩევნებამდე ჩვენ დაგპირდით, რომ მოხდებოდა ოზურგეთში ერთ-ერთი მთავარი საგზაო მონაკვეთის – კოსტავას გამზირის სრული რეაბილიტაცია. ვასრულებთ პირობას და ვიწყებთ საპროექტო სამუშაოებს, რასაც მოჰყვება კოსტავას გამზირის მოწყობა და სრული განახლება – რამდენიმე წელია ქალაქის ეს ცენტრალური მაგისტრალი სავალალო მდგომარეობაშია, რადგან ჩემმა წინამორბედმა ვერ შეძლო სათანადო პროექტის მომზადება და მისი ინიცირება – პროექტს, რომელიც მზადდებოდა, ინფრასტრუქტურული და ეკოლოგიური თვალსაზრისით სერიოზული ხარვეზები აქვს, რის გამოც ვერ მოახერხეს დარგის პროფესიონალებთან მისი შეთანხმება და დამტკიცება“, – განაცხადა თალაკვაძემ.