ლევან ვასაძე, ზვიად ტომარაძე და სოსო მანჯავიძე პრემიერს “კაზანტიპის” საწინააღმდეგო პეტიციით მიმართავენ
ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ზვიად ტომარაძე და სოსო მანჯავიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს “კაზანტიპის” ფესტივალის საწინააღმდეგო პეტიციით მიმართავენ. როგორც პეტიციაშია აღნიშნული, ფესტივალი ემსახურება გარყვნილების დანერგვას. ავტორები მიიჩნევენ, რომ „კაზანტიპი“ ახალგაზრდების მიერ ნარკოტიკების მასიურად მოხმარების ადგილია.
“მოგეხსენებათ, რომ ამა წლის 20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიაში დაგეგმილია, თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ინიცირებული, ეგრეთწოდებული “კაზანტიპის ფესტივალის” გამართვა. აღნიშნული ფესტივალის კონცეფცია და მისი მრავალწლიანი პრაქტიკა ადასტურებს, რომ ის ემსახურება გარყვნილების დანერგვას და ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ არის მიმართული.
რაც კიდევ უარესია მისი ორგანიზატორები მას არ მიიჩნევენ უბრალოდ მუსიკალურ ფესტივალად, გაფორმებული ჰყავთ ეს ორგანიზაცია “დამოუკიდებელი სახელმწიფოს” სტატუსით, ჰყავთ “მთავრობა” და აქვთ საკუთარი “კანონები და წესები.” ამრიგად მათი ფესტივალის ტერიტორიაზე ისინი ცნობენ ამ არალეგიტიმურ წარმონაქმნის სტრუქტურებს. ამგვარად ისინი არღვევენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის იურისდიქციას და არიან არა ფესტივალის, არამედ მკვეთრად გამოხატული სექტის თვისებების მატარებელი ორგანიზაცია”, – ნათქვამია პეტიციაში.
პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამგვარი ღონისძიების საქართველოში ჩატარება არღვევს საქართველოს კანონმდებლობასა და საზოგადოებრივ წესრიგს, შეურაცხყოფს საზოგადოებას და იწვევს სამართლიან აღშფოთებას.
“აქედან გამომდინარე ღონისძიების მიმდინარეობისას მოსალოდნელია უმართავი პროცესების განვითარება. ჩვენი კონსტიტუცია კი კრძალავს საზოგადოებაში დაპირისპირებისა და შუღლის გამომწვევი ღონისძიებების ჩატარებასა და მხარდაჭერას. ზემოთ მოყვანილ არგუმენტებთან შედარებით უსუსურია დამატებითი ტურისტული შემოსავლების არგუმენტის მოყვანა. ჩვენს ქვეყანას ისედაც არ აკლია ტურისტების მოძალება, ეს სექტორი ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სექტორია ჩვენ ეკონომიკაში და “კაზანტიპის” მსგავსი შემოსავლები არ არის არც აუცილებელი და არც მისაღები მისთვის, განსაკუთრებით იმ მავნებლობასთან და საფრთხეებთან შეწონვით, რომლებზეც მოგახსენეთ.
დაუშვებელია, რომ საზოგადოების ნების იგნორირება ნორმად გადაიქცეს. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს მთავრობა გაითავისებს პასუხისმგებლობას, არ დაუპირისპირდება საზოგადოებას და არ დაუშვებს ამ ფესტივალის გამართვას”, – აღნიშნულია პეტიციაში.