დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა

????????????????????????????????????

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმება”.

პარლამენტის ინფორმაციით, შეთანხმება საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო კომიტეტის წევრებს და განმარტა, რომ აღნიშნული დოკუმენტის შესაბამისად საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) 30 მლნ ევროს ოდენობის მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს, ქვეყანაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების რეფორმით გათვალისწინებული პროგრამის დასაფინანსებლად.

აღნიშნული პროგრამის განხორციელებით გაუმჯობესდება ქალაქებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მართვა და საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის (UWSCG) მმართველობა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა შეთანხმების რატიფიცირებას. დღეს სხდომაზე კომიტეტმა იმსჯელა საქართველოს მოქალაქე მარიამ ჭყონიას საკანონმდებლო წინადადებაზე „ხელოსანთა ლიცენზირებისა და პროფესიონალიზმის საკითხის დამარეგულირებელი” კანონმდებლობის შემუშავების შესახებ. საკანონმდებლო წინადადების ავტორმა განმარტა, რომ საჭიროა კანონმდებლობით დარეგულირდეს ხელოსანთა ლიცენზირების და პროფესიონალიზმის საკითხი.

მისი თქმით, „ბევრი არაპროფესიონალი იბრალებს ხელოსნობას და მოქალაქეებს სხვადასხვა სახის ზიანს აყენებს. აქედან გამომდინარე უნდა მოხდეს რეგულირება ხელოსანთა აღრიცხვიანობის ანდა ლიცენზირების გაცემის საკითხთან მიმართებაში”.

საკანონმდებლო წინადადების ავტორს, საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის პოზიცია, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა გააცნო. „საკითხი მართლაც მნიშვნელოვანია და მოითხოვს დარეგულირებას, თუმცა ეს არის საკმაოდ კომპლექსური საკითხი და არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ განათლების და იუსტიციის სამინისტროების მხრიდანაც საჭიროა კომპლექსური და კოორდინირებული მოქმედება. რადგან ეს თავისთავად ებმის პროფესიული გადამზადების ცენტრებისა და სასწავლებლების, ასევე სხვა სტრუქტურების კომბინირებულ მუშაობას, ერთიანი რეესტრის შექმნას და ელექტრონული სერვისების დანერგვას”.

ეკა სეფაშვილის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და შესაბამისად კომიტეტმა ამ ეტაპისათვის მიზანშეწონილად არ მიიჩნია საკანონმდებლო წინადადების მხარდაჭერა. სხდომაზე დეპუტატებმა კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმაზეც იმსჯელეს, რომელსაც გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები