სოსო არჩვაძე: კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში საქართველოს 32-ე ადგილი ხელისუფლების თანმიმდევრული, რაციონალური ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკითაა მიღწეული
ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრის) მიერ გამოქვეყნებული „სახელმწიფო სექტორის კეთილსინდისიერების ინდექსი 2021“-ის მიხედვით, საქართველომ კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში მსოფლიოს 114 სახელმწიფოს შორის 32-ე ადგილი დაიკავა – ჩილესა (31-ე) და ისრაელს (33-ე) შორის, – ამის შესახებ ეკონომისტი, სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საქართველოს მხოლოდ ესტონეთი (11-ე ადგილი) უსწრებს, ხოლო მის უშუალო მეზობლებს – რუსეთის ფედერაციას და თურქეთს – შესაბამისად, მხოლოდ 51-ე და 53-ე ადგილები უკავიათ.
“აღნიშნული რეიტინგი ყალიბდება ისეთი ინდიკატორების საფუძველზე, როგორებიცაა სახელმწიფოს კეთილსინდისიერი მმართველობის პრაქტიკა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, პრესის თავისუფლება, ადმინისტრაციული ტვირთის დონე და ა.შ. წინა, 2019 წლის რეიტინგის შემდეგ საქართველომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მეოთხედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა, გადაუსწრო რა აღნიშნული მაჩვენებლებით ლიეტუვისა (35-ე ადგილი) და ლატვიის (37-ე ადგილი) მაჩვენებლებს.
სახელმწიფოს სექტორის კეთილსინდისიერების ინდექსის გაანგარიშება, რომელიც ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების პროფილურ კვლევებსა და ანგარიშგებებს, წარმოებს 2015 წლიდან ორწლიანი პერიოდულობით და ამ ხნის განმავლობაში საქართველოს რეიტინგი პოზიტიური დინამიკით ხასიათდება: 2015 და 2017 წლებში ჩვენი ქვეყანა აღნიშნული რეიტინგით მსოფლიოში 36-ე ადგილზე იმყოფებოდა, 2019 წელს – 35-ე, ხოლო 2021 წელს მან უკვე 32-ე ადგილი დაიკავა.
აღნიშნული შედეგი მიღწეულია ხელისუფლების თანმიმდევრული, რაციონალური ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკით, შიდა და გარე გამოწვევებთან ადეკვატური და ოპერატიული რეაგირებით და კომპლექსური სოციალური დაცვისა და ქვეყანაში ეფექტიანი და სამართლიანი ბიზნესგარემოს ფორმირებისათვის გატარებული კომპლექსური ღონისძიებების საფუძველზე”, – წერს არჩვაძე “ფეისბუქის” გვერდზე.