ყაზბეგის მაცხოვრებლების სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამაში ცვლილებები შევიდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის, ბაკურ ავსაჯანიშვილის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამაში ცვლილებები შევიდა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 28 იანვრის, №2 დადგენილებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ახალშობილთა ოჯახები სხვადასხვა კატეგორიის ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.
მერის გადაწყვეტილებით, პირველ შვილზე, 100 ლარიანი დახმარება 500 ლარამდე გაიზარდა. მეორე შვილზე, პროგრამით გათვალისწინებული თანხა 600 ლარი იქნება, მესამე შვილზე – 700, მეოთხეზე კი, – 1000 ლარი. მრავალშვილიანი ოჯახები, მეხუთე ბავშვზე 1500 ლარს მიიღებენ, მეექვსე და ყოველ მომდევნო შვილზე კი, დანამატი 500 ლარი იქნება. ტყუპ შვილზე მერია ოჯახს 1000 ლარით დაეხმარება.
აღნიშნული საკითხი, ბაკურ ავსაჯანიშვილთან ერთად, მერის მოადგილემ ტარიელ ხულელიძემ, საფინანსო სამსახურის უფროსმა ვასილ კურკუმულმა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამსახურის ხელმძღვაქნელმა გიორგი ავსაჯანიშვილმა და იურისტმა ნუნუ ქუშაშვილმა განიხილეს.
„დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების მიზნით, ჩვენ შევისწავლეთ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები, რომლებიც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ითვალისწინებს. დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად, ეფექტური პოლიტიკის არსებობა მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ყაზბეგის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები ოჯახები, ფინანსური დახმარებით მრავალი წელია სარგებლობენ. არსებული თანხები გაიზრდება, დახმარების ოდენობის განსაზღვრისას, დაბადებული ბავშვის რიგითობა ისე იქნება შერჩეული, რომ ყოველი მომდევნო ბავშვის გაჩენისას, ოჯახებს, მეტი ფინანსური გარანტიები გაუჩნდეთ.
ღირსეული შვილების აღზრდა გმირობის ტოლფასია, დიდი დამსახურება რაიონისა და ქვეყნის წინაშე, ამიტომ მაქსიმალურად შევეცადოთ და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ოჯახების კეთილდღეობისათვის”, – განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა