დეპუტატებმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” კანონში კლასტერული აკრედიტაციის იმპლემენტაციის მიზნით შესატან ცვლილებებზე იმსჯელა.
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, ერთი წლის განმავლობაში აკრედიტაციის პროცესში სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მიხედვით შეფასდებიან მხოლოდ კონკრეტული სფეროს პროგრამები. მისი თქმით, აღნიშნული მოდელი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მისცემს საშუალებას, ინსტიტუციის ფარგლებში დაინახონ მთლიანი სურათი, თუ როგორ ვითარდება უმაღლესი განათლების კონკრეტული სფერო ან დარგი ინსტიტუციაში. „ეს მოდელი სახელმწიფოს, საზოგადოებას, განათლების სფეროს ექსპერტებს მისცემს საშუალებას გააკეთონ ანალიზი, თუ როგორ ვითარდება უმაღლესი განათლების კონკრეტული დარგი ან სფერო სახელმწიფოში”, –აღნიშნა ვალერიან გობრონიძემ.
მისივე განცხადებით, ცენტრი წლის განმავლობაში გადაამზადებს მხოლოდ იმ სფეროსა თუ დარგის ექსპერტებს, რომელსაც მომავალი წლის განმავლობაში უწევს აკრედიტაცია. დღესვე კომიტეტმა აღნიშნულ კანონში შესატან ცვლილებებიდან გამომდინარე მეორე კანონპროექტზე იმსჯელა, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას ეხება. ვალერიან გობრონიძემ აღნიშნა, ცვლილებების მიზანია ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესება. მისი თქმით, შეიქმნება განათლების ხარისხის მოქნილი, შინაარსზე ორიენტირებული, თანამედროვე ავტორიზაციის ინსტიტუტი, უზრუნველყოფილი იქნება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება არა მხოლოდ ინსტიტუციურ დონეზე, არამედ საგნობრივ დონეზე. კერძოდ, შეფასდება სასკოლო კურიკულუმის ხარისხი. „აღნიშნული მოგვცემს შესაძლებლობას, სრულფასოვნად შეფასდეს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხი.
შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები შეძლებენ მხოლოდ ავტორიზაციის გავლას, ამასთან, საგანმანათლებლო პროგრამები აისახება სტანდარტის შინაარსში”, –განაცხადა მომხსენებელმა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისთვის გატანას.