ლევან მაჭავარიანი: ჩვენი რეიტინგის გაზრდა მოულოდნელი არ ყოფილა

,,ქართული ოცნების” წევრი ლევან მაჭავარიანი ,,გორბის“ საზოგადოებრივი აზრის კვლევას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის რეიტინგის ზრდა მოულოდნელი არ არის.

„ჩვენი რეიტინგი კიდევ არის გაზრდილი. ეს ყველაფერი გამოწვეულია რამდენიმე მიზეზით. პირველ რიგში, შევახსენებ საზოგადოებას, რომ მას შემდეგ, რაც ბატონმა დონალდ ტრამპმა დაიკავა ოვალური ოფისი, ბევრი რამ გამოაშკარავდა, რაზეც „ქართული ოცნება“ სამი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით. დადასტურდა, რომ პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებდით, აბსოლუტურად უალტერნატივო იყო.

ამასთანავე, ოპოზიციის მხარდამჭერების ხარჯზეც არის ნაწილობრივ ჩვენი რეიტინგი გაზრდილი, ვინაიდან რას აკვირდებიან ისინი? ოპოზიციამ პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენა თავის მხარდამჭერებს, როდესაც საპარლამენტო მუშაობაში არ მიიღეს მონაწილეობა. შემდეგ ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩევლებს, რომ არჩევნები გაყალბებული იყო და ფიზიკურად ერთი მტკიცებულება ვერ დადეს. ამის შემდეგ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს, რომ რაღაცნაირად გამოიწვიონ ქვეყნის ეკონომიკური იზოლაცია, დესტაბილიზაცია ქვეყანაში. ითხოვენ ბრიუსელში ქვეყნის დასჯას, დასანქცირებას და ა.შ.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ფონზე ჩვენი რეიტინგის გაზრდა და მათი რეიტინგის შემცირება მოულოდნელი არ ყოფილა“, – მიიჩნევს მაჭავარიანი.

ცნობისთვის, კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? გამოკითხულთა 56,2% – მა „ქართულ ოცნება“ დაასახელა.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუირების მეთოდის გამოყენებით ჩაატარა.

საველე სამუშაოები 2025 წლის 22 ივნისი-5 ივლისს შესრულდა. შედგა 2300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის).

წარმოდგენილი მონაცემები შეწონილია როგორც დემოგრაფიული, ასევე პოლიტიკური წონით (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაცხადებული ხმის მიცემის და ოფიციალური შედეგების თანაფარდობით) და წარმოდგენილია სავარაუდო ამომრჩევლის ჭრილში.

სავარაუდო ამომრჩეველი გამოვლინდა არჩევნებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე. ცდომილების ზღვარი: +/-3% სავარაუდო ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები