მაია ბითაძე: კომიტეტის ექვსპუნქტიან გეგმაში მთავარ საკითხს სწორედ მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობა წარმოადგენს

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის სამრეწველო კვირეულის ფარგლებში გამართულ ონლაინ ეროვნულ კონფერენციაში: „რესურსეფექტური და სუფთა წარმოება, როგორც ეკონომიკის „მწვანე გარდაქმნის” საშუალება საქართველოს სამრეწველო საწარმოებისთვის”.

„მინდა, მადლიერება გამოვხატო ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერისა და ამ კონფერენციის ორგანიზებისათვის, სადაც ჩვენ შევიკრიბეთ, რომ განვიხილოთ ძირითადი მიმართულებები რაც ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რათა კიდევ უფრო ნათლად დავინახოთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამგვარი პროექტები ჩვენი ქვეყნისთვის ამ გარდამავალ პერიოდში.

მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი კომიტეტის მიერ დასახულ ექვსპუნქტიან გეგმაში მთავარ საკითხებს წარმოადგენს სწორედ მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობა, რაც ბიზნესის სამომავლო განვითარებაში გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრაციას მოიცავს. ასევე, ამ მიზანს ემსახურება კომიტეტთან სამუშაო ჯგუფების არსებობა, რომელთა საქმიანობაც მოიცავს წარმოებაში საუკეთესო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას და სხვადასხვა საშუალებებისა და წახალისებების ძიებას, რომ მთავრობა, საფინანსო ინსტიტუტები და ჩვენი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები დაეხმარონ ბიზნესს გამოწვევების გადალახვაში ასოცირების ხელშეკრულების დირექტივების შესაბამისად. ამ ყველაფრის საბოლოო მიზანია ქართული ეკონომიკის ზრდა და ადაპტაცია თანამედროვე სტანდარტებთან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროდირექტივების ტრანსპოზიციის პერიოდში, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონები, რომლებიც გარემოსდაცვითი დემოკრატიის საფუძვლებს ქმნის”, – განაცხადა კონფერენციაზე მაია ბითაძემ. ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი – „ევროკავშირი გარემოსთვის” პროგრამის კომპონენტის „წრიული ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობების” ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები