ალექსანდრე დარახველიძე UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შეხვედრა გამართა გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილესთან, ანნა ჩერნიშოვასთან, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხს, რომლის განხორციელებაშიც გაერო-ს განვითარების პროგრამამ სამინისტროს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინა. მინისტრის მოადგილემ ანა ჩერნიშოვას გააცნო სამინისტროს სამომავლო გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს უწყების საქმიანობის სფეროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
შეხვედრის დასასრულ, ალექსანდრე დარახველიძემ ანა ჩერნიშოვას და გაეროს განვითარების პროგრამას ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.