ლონდონში ვან-გოგის 17 ავტოპორტრეტი ერთად გამოფინეს

ლონდონის გალერეებსა და მუზეუმებში ვან-გოგის რამდენიმე პირველხარისხოვანი ორიგინალია დაცული, რომელთა მიმართ მნახველის ინტერესი არასოდეს ცხრება. ზოგადად, ამ გენიალური მხატვრისადმი ლონდონს განსაკუთრებული დამოკიდებულება და სიყვარული აქვს. ის ხომ ერთხანს ლონდონში ცხოვრობდა, სანამ მხატვრობას სერიოზულად მოჰკიდებდა ხელს. XIX საუკუნის 70-იანი წლების ლონდონმა და მისმა მხატვრულმა გარემომ უდიდესი გავლენა მოახდინა მის მომავალ კარიერაზე.
ლონდონის მთავარმა საგამოფენო ცენტრებმა არაერთხელ უმასპინძლეს ვან-გოგის ყველაზე გახმაურებულ ექსპოზიციებს. სწორედ ლონდონის „სოთბისა“ და „კრისტის“ აუქციონებზე გაიყიდა ასტრონომიულ ფასებად ამ ლეგენდარული ხელოვნის სურათები.
გამოფენა კი, რომელიც ამ დღეებში გაიხსნა „კოთოლდ გალერეაში“ (Courtauld Gallery), სრულიად უნიკალურია, რადგან მნახველს არც აქამდე უნახავს ერთად თავმოყრილი ვან-გოგის 17 ავტოპორტრეტი და შეიძლება მეტად აღარც გაუჩნდეს ამის შესაძლებლობა. „კოთოლდ გალერეა“ ლონდონის ნამდვილი საგანძურია, რომელიც ოთხმოცდაათი წლის ისტორიას ითვლის. მართალია, ის, ნაციონალური გალერეის ან ბრიტანეთის მუზეუმის მსგავსად, ათასობით კვადრატულ მეტრზე არ არის გაშლილი, მაგრამ მათი იმპრესიონისტებისა და პოსტიმპრესიონისტების კოლექცია იმდენად ძლიერია, რომ მას „შედევრების გალერეას“ უწოდებენ.
ბოლო სამი წელი სომერსეტ ჰაუსის ჩრდილოეთ ფლიგელში განთავსებული ეს გალერეა დაკეტილი იყო რემონტის გამო. საფუძვლიანი განახლების შემდეგ კი დღეს იგი წარმოადგენს ერთ–ერთ ყველაზე შთამბეჭდავ საგამოფენო სივრცეს, რომელიც მნახველისთვის ნამდვილი აღმოჩენა და სულის ოაზისია. ძირითადი კოლექციების გარდა, რომელიც სამ სართულზეა განაწილებული, იგი სპეციალურ გამოფენებსაც მასპინძლობს. ამჯერად აქ ოთხი განსხვავებული ექსპოზიციაა წარმოდგენილი. აშკარაა, რომ მესამე სართულის ორი დარბაზი ვან-გოგის 17 ავტოპორტრეტით  ყველაზე ხალხმრავალ ზონად დარჩება მომდევნო სამი თვის განმავლობაში.
ვან-გოგის ავტოპორტრეტი „შეხვეული ყურით“ „კოთოლდ გალერეის“ საკუთრებაა და ალბათ აქედან წამოვიდა ავტოპორტრეტების ერთად თავმოყრის სურვილიც. ცნობილია, რომ სიცოცხლის განმავლობაში მხატვარმა 35 ავტოპორტრეტი შეასრულა, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გაფანტული. წლების განმავლობაში მუშაობდა ეს ინსტიტუცია ცამეტი გალერეის კეთილი ნების მოსაპოვებლად, რათა ასი დღით შელეოდნენ თავიანთ კუთვნილ ყველაზე ღირებულ ნამუშევრებს. ძირითადად, ნიდერლანდების, სკანდინავიის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმების კოლექციებიდან მოიყარა თავი სურათებმა წინამდებარე ექსპოზიციაზე. 130 წლის წინათ შექმნილი ნამუშევრები დღესაც უზარმაზარ ძალას ინარჩუნებენ და სულის შემძვრელ ზემოქმედებას ახდენენ თანამედროვე მნახველზე.
ჩვენ ამ ავტოპორტრეტებზე მხატვარს სხვადასხვა მდგომარეობაში ვხედავთ. ზოგი პორტრეტიდან იგი დაქანცული და დაღონებული მოჩანს, ხანაც – მხნე და შემართულია, ასევე წვერით და სუფთად გაპარსული, ხან დასახიჩრებული სახით, ხანაც მოდურად ჩაცმული და მოვლილ-მოწესრიგებული იმზირება. ცხოვრებით გაწამებულ და მარტოსულ მხატვარს მოდელის პოვნა  და დაქირავება ასე იოლად არ შეეძლო, ამიტომ სარკის წინ ჯდებოდა და მხატვრულ ექსპერიმენტებს საკუთარი თავის დახმარებით ახორციელებდა.
თითოეული ტილო ტექნიკისა და სტილის დაუჯერებელ ცვალებადობას ასაჩინოებს, ეს მართლაც ძლევამოსილი მხატვრული ევოლუციაა, რომელსაც მათი ავტორი განიცდის დროის ასე მცირე მონაკვეთში – ოთხ წელიწადში (1886–1889). შემოქმედებით ფსიქოლოგიაში ალბათ ეს არის უბადლო მაგალითი მხატვრული სათქმელის ამოფრქვევისა და გიგანტური პროგრესის თვალსაზრისით.
ავტოპორტრეტების ხატვისას წარმოებული ექსპერიმენტები მას გადაჰქონდა თავის პეიზაჟებში, ნატურმორტებსა და ჟანრულ სცენებში, რაც თვალნათლივ ჩანს მათზე გულდასმით დაკვირვებისას. თუ როგორ აცხებს იგი საღებავს ტილოზე და ამუშავებს ფერით წერის მანამდე უცნობ მანერას, როგორ ქმნის ფერების სრულიად ახალ თანამეზობლობას, შემოაქვს შუქისა და განათების ახლებური მხატვრული დატვირთვა ტილოში.ვან-გოგის ავტოპორტრეტები ისეთ ცხოველმყოფელ ძალას გამოსცემენ, გგონია, ახლა დაასრულა მათზე მუშაობა მხატვარმა: ფერები თრთის, ფეთქავს და აკორდებივით ხმიანებს…
ექსპოზიცია მთავრდება არა ავტოპორტრეტით, არამედ „ვან-გოგის სკამით“ (არლი, 1888 წლის ნოემბერი), რომლის კიდეზეც ჩიბუხი და ქაღალდში გახვეული თუთუნი დევს. თითქოს ახლახან დატოვა ოთახი და სადაც არის უკან შემობრუნდება მათი პატრონი. თუმცა, ამ სკამს მე უფრო გამოფენის კურატორთა ბრწყინვალე საფინალო აკორდად მივიჩნევ, თითქოს ტანჯული მხატვრის სულმა ამ სკამზე უნდა დაივანოს და მოითქვას სული…

                      გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები