ნინო წილოსანი: პრემიერის ინიციატივამ და საპარლამენტო კომისიის მუშაობამ ბიზნესსექტორი დაარწმუნა, რომ მთავარი პრობლემა მათ მიდგომასა და სტანდარტებშია
“საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივამ და საპარლამენტო კომისიის მუშაობამ ბიზნესსექტორი დაარწმუნა, რომ მთავარი პრობლემა მათ მიდგომასა და სტანდარტებშია”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბიზნესი მზად არის, პირველადი მოხმარების პროდუქტები მოგების სხვა მარჟით თუ ფასნამატით გაყიდოს.
„ჩვენ ბიზნესთან თანამშრომლობით და ურთიერთობით მივესალმებით იმ გადაწყვეტილებას, რაც სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებმა განაცხადეს. ალბათ ეს არის საუკეთესო ვარიანტი, რასაც შეიძლება, მყისიერი შედეგი მოეტანა. ვიცით, რომ ბიზნესი მზად არის, პირველადი მოხმარების პროდუქტები მოგების სხვა მარჟით თუ ფასნამატით გაყიდოს. ეს არის მათი სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტი. მადლობას ვეუბნები მათ, რომ ეს პროცესი მათი მხრიდან სწორად არის დანახული და მათი პასუხიც მართებულია. ამ ყველაფერმა საფუძველი უნდა დაუდოს ამ საკითხზე ყველა დაკავშირებული მხარის უფრო მეტ პასუხისმგებლობას. ჩვენი მხრიდან სადაც იქნება ჩართულობა საჭირო, ამ მიმართულებით მუშაობა არ გაჩერდება“, – განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ შემაჯამებელ სხდომაზე დასკვნა პირველ მაისს მიიღო.