უგულავას საქმის პროკურორი: თუ ბრალდებული თანხმობას განაცხადებს ამნისტიის გამოყენებაზე, იმ დღესვე შეწყდება საქმე – თუმცა, მას ეს არ სურს

“თუ ბრალდებული უგულავა თანხმობას განაცხადებს ამნისტიის გამოყენებაზე, იმ დღესვე შეწყდება სისხლის სამართლის საქმე”, – ამის შესახებ პროკურორმა, ნათია გურულმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატის, გიგი უგულავას ბრალდების საქმეზე პროცესი გაიმართა.

პროკურორის თქმით, გიგი უგულავა უარს აცხადებს ამნისტიის გამოყენებაზე, შესაბამისად, საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება.

„თუ ბრალდებული უგულავა თანხმობას განაცხადებს ამნისტიის გამოყენებაზე, იმ დღესვე შეწყდება სისხლის სამართლის საქმე. თუმცა, მას ეს არ სურს. შესაბამისად, ჩვენც იძულებულნი ვართ, მოვიყვანოთ ყველა ის პირი, ვინც საქმის გარშემო გამოკითხული და დაკითხულია და საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებაზე ინფორმაციას ფლობს. დღეს დაიკითხნენ აეროპორტის თანამშრომლები და საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტი, რომელთაც მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული საგამოძიებო მოქმედებაში და მისი სისწორე დაადასტურეს“, – განაცხადა ნათია გურულმა და აღნიშნა, რომ საქმეზე გამოძიება ობიექტურად წარიმართა.

შეგახსენებთ, საქმე ეხება თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მომხდარ ინციდენტს. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად ამავე საქმეზე ბრალდებული იყო გავაშელიშვილის მეგობარი, დავით პარკაძეც, რომელსაც გამოძიება პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებოდა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და ჯარიმა დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები