ილია ჭავჭავაძის ძეგლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აგვისტოში დაიწყება

   ილია ჭავჭავაძის ძეგლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველის მუნიციპალური განვითარების ფონდი მიმდინარე წლის აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებს.
როგორც “კვირას“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ამჟამად ფონდის დაკვეთით საპროექტო კომპანია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში მდებარე ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტზე მუშაობს.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, ვინაიდან საუბარია ძეგლის რეაბილიტაციაზე, პროექტირება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რათა მოხდეს სწორი პროექტის შემუშავება. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება კვარცხლბეკს, მოხდება მისასვლელი კიბეების რეკონსტრუქცია და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია.
“საქართველოს მთავრობისთვის ილია ჭავჭავაძის ძეგლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად და ხარისხიანად განხორციელება პრიორიტეტული საკითხია. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მცხეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი, საზოგადოებრივი და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას”, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, საპროექტო კომპანიამ უკვე წარმოადგინა ვიზუალური მასალა – “რენდერები”, თუ როგორი იქნება ილია ჭავჭავაძის ძეგლი რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ “საპროექტო კომპანიას პროექტირებისთვის 75 დღიანი ვადა აქვს. კომპანია ძეგლის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტზე 2 თვეზე მეტია მუშაობს. ხელშეკრულების მიხედვით, 27 ივლისს საპროექტო კომპანია ძეგლის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტზე მუშაობას დაასრულებს. საბოლოო პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეათანხმებს, აგვისტოს პირველ ნახევარში კი უკვე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 აპრლის # 649 განკარგულებით, პროექტირების დასრულების შემდეგ, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და პროექტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელდება”, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები