CNN-ის დირექტორს თანამდებობის დატოვება კოლეგასთან ფარული სასიყვარულო ურთიერთობის გამო მოუწია
ტელეკომპანია CNN-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეფ ცუკერი თანამდებობიდან გადადგა.
ამის მიზეზი კოლეგასთან ფარული ურთიერთობა გახდა.
როგორც ტელეარხი იტყობინება, ცუკერმა აღიარა, რომ ჰქონდა “შეთანხმებული ურთიერთობა კოლეგასთან”, რომელთანაც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. თუმცა, ახლო ურთიერთობა მათ შორის ბოლო წლებში განვითარდა.
ცუკერის თქმით, მას ეს უნდა ეთქვა, მაგრამ არ გააკეთა.
“შევცდი, შედეგად, დღეს ვტოვებ ჩემს თანამდებობას“, – თქვა CNN-ის ხელმძღვანელმა.
ამასთან, მას კოლეგის ვინაობა არ დაუსახელებია, მაგრამ არხმა განაცხადა, რომ ეს იყო CNN-ის მარკეტინგის დირექტორი, ელისონ ჰოლასტი.
მან უკვე დაადასტურა ცუკერთან კავშირი. ჰოლასტმა აღიარა, რომ რომანი COVID-19 პანდემიის დროს დაიწყო. მისი თქმით, ის არ აპირებს CNN-ის დატოვებას.
CNN-ში გამოძიება გასული წლის ბოლოს დაიწყო. მაშინ წამყვანის თანამდებობიდან ნიუ იორკის ყოფილი გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს ძმა – კრის კუომო გაათავისუფლეს, რომელსაც ბრალი დასდეს ჟურნალისტური კავშირების გამოყენებაში, რათა ძმას დახმარებოდა.
ენდრიუ კუომოს კი ნიუ იორკის გუბერნატორის თანამდებობის დატოვება მას შემდეგ მოუწია, რაც ათზე მეტმა ქალმა მას ბრალი სექსუალურ შევიწროებაში დასდო.