ნინო წილოსანი ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს. აღნიშნული ასოციაცია ფერმერთა ჯგუფის მიერ 2018 წელს შეიქმნა. ასოციაციაში გაერთიანებული არიან ნუშისა და კაკლის პირველადი მწარმოებლები, მებაღეები და ფერმერები, ასევე, ნუშის და კაკლის გადამამუშავებელი მეწარმეები, პროდუქციის დილერები და ექსპორტიორები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ნუშის და კაკლის მოსავალი ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება და ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ 2022 წელს მოსავალი მნიშვნელოვნად, 2-ჯერ და მეტჯერ გაიზრდება, რაც გადამამუშავებელი მიმართულებით საქმიანობის გააქტიურების წინაპირობას წარმოადგენს. ასოციაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ბუნებრივია, ორიენტირი ევროპულ ბაზარზეა აღებული, მაგრამ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილება მოხდეს სწორედ მაღალი ხარისხის ადგილობრივი პროდუქციით.

„დარგობრივ ასოციაციებთან შეხვედრა ყოველთვის სასარგებლოა. მნიშვნელოვანია, რომ ასოციაცია 800-მდე ფერმერს აერთიანებს. გავეცანით დარგში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს. დღეს ისინი ძირითადად ორიენტირებული არიან კაკლის იმპორტის ჩანაცვლებაზე, რაც საერთო ეკონომიკური განვითარების ჭრილში ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტიც არის. ამავდროულად, მათ აქვთ ძალიან კარგი ზრდის პერსპექტივები და ვფიქრობ, რომ მათი საჭიროებების და გამოწვევების ჩვენს ყოველდღიურ პოლიტიკაში გათვალისწინება ჩემი, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთი ვალდებულებაცაა”, – განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები