რუსეთის ახალი, შესაძლო აგრესიის ფონზე და უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, კიევს მხარდაჭერის ნიშნად მეგობარი ქვეყნების პირველი პირები სტუმრობენ.
ბრიტანეთის, პოლონეთისა და ჰოლანდიის პრემიერმინისტრების შემდეგ, კიევს ლიეტუვის პრემიერმინისტრი, ინგრიდა სიმონიტე ესტუმრება.
ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრის პრესმდივანმა, ოლგა კურიშკომ განაცხადა.
„უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის მიწვევით, ლიეტუვის პრემიერმინისტრი, ინგრიდა სიმონიტე ოფიციალური ვიზიტით უკრაინას 10-11 თებერვალს ეწვევა“, – განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში 7-8 თებერვალს გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ჩადიან.
ასევე, ამ პერიოდში მოსალოდნელია ავსტრიის, სლოვაკეთის და ჩეხეთის პრემიერების ვიზიტი.
გუშინ კიევში ჩაფრინდა ბრიტანეთის პრემიერმინისტრი – ბორის ჯონსონი, პოლონეთის პრემიერმინისტრი – მატეუშ მორავიეცკი და ჰოლანდიის პრემიერმინისტრი, მარკ რუტე.