უნგრეთის თავდაცვის მინისტრი მიზანშეუწონლად მიიჩნევს ქვეყანაში ნატო-ს დამატებითი ძალების განთავსებას
უნგრეთის თავდაცვის მინისტრი, ტიბორ ბენკო მიზანშეუწონლად და არასაჭიროდ მიიჩნევს ქვეყანაში ნატო-ს დამატებითი ძალების განთავსებას.
ამის შესახებ HVG წერს.
უნგრელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის გადაწყვეტა დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით უნდა მოხდეს და ეს უნგრეთის ინტერესებში შედის. მან ასევე თქვა, რომ სახიფათოა “ცივი ომის რიტორიკა”.
ტიბორ ბენკომ აღნიშნა, რომ 2017 წლიდან უნგრეთმა შეიარაღებული ძალების გაძლიერების სერიოზული პროგრამა განახორციელა და არმია საკმაოდ ძლიერია, რასაც ნატო-ც აღიარებს.
მან გამოთქვა მოსაზრება, რომ, ამის გათვალისწინებით, ახლა არ არის საჭირო უნგრეთის ტერიტორიაზე ნატო-ს დიდი კონტინგენტის განლაგება მუდმივ საფუძველზე.
მინისტრმა დასძინა, რომ ის ხედავს უნგრეთის არმიის ამოცანას არსებულ ვითარებაში იმაში, რომ უზრუნველყოს მშვიდობა, უსაფრთხოება რეგიონში და თავად ქვეყანაში და „არავის არ უნდა სურდეს ისეთი სიტუაციის შექმნა, როდესაც ხალხი ძალის ჩვენებისგან წუხს.”
1-ელ თებერვალს უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ შესაძლებლად მიაჩნია რუსეთსა და ნატო-ს შორის შეთანხმების დადება, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონის უსაფრთხოებას.
თუმცა, ორბანის მოგზაურობის მთავარი მიზანი გაზის საკითხი იყო.
ვიზიტამდე, ორბანმა სატელეფონო საუბარი გამართა იენს სტოლტენბერგთან.
ამასთანავე, უნგრეთის ოპოზიციამ მოუწოდა ვიქტორ ორბანს პუტინთან შეხვედრის გაუქმებისკენ, რადგან შექმნილ ვითარებაში ეს საზიანოა და ეწინააღმდეგება უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს.