ნორვეგიაში საკარანტინო ზომების დიდი ნაწილი გაუქმდა

ნორვეგიის მთავრობამ თითქმის ყველა კოვიდშეზღუდვა მოხსნა.

ამის შესახებ NRK წერს.

როგორც ქვეყნის პრემიერმა, იონას გარ სტორემ თქვა, ”გამომდინარე იქიდან, რაც ვირუსის შესახებ დღეს ვიცით, სწორი გადაწყვეტილება იქნება შემზღუდავი ზომების უმეტესობის მოხსნა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.”

მან აღნიშნა, რომ “ომიკრონის” შტამი ნაკლებად იწვევს დაავადების მძიმე ფორმებს, გარდა ამისა, ქვეყანაში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლებია.

ძალაში შესული ახალი წესების მიხედვით, პრაქტიკულად, ყველა შეზღუდვა იხსნება, გარდა დისტანციის დაცვის რეკომენდაციისა და ხალხმრავალ ადგილებში ნიღბის ტარების. ასევე, ღამის კლუბებში, ჯერჯერობით, აკრძალული იქნება ცეკვა.

გაუქმდა ღონისძიებებზე სტუმრების რაოდენობის განსაზღვრა, კინოთეატრებში, საკონცერტო დარბაზებში და ა.შ. ნებადართულია ყველა ადგილის შევსება.

საგანმანათლებლო დაწესებულებებს მოუწოდებენ, დაუბრუნდნენ სწავლას საკლასო ოთახებში.

ნებადართულია ყველა სპორტული აქტივობა და ღონისძიება, როგორც პროფესიული, ასევე  – სამოყვარულო.

შესაძლებელია ასევე საბავშვო სათამაშო მოედნების გახსნა, გასართობი პარკები და კაზინოები, მაგრამ ადმინისტრაციამ უნდა იზრუნოს უსაფრთხოების ძირითად ზომებზე.

ქვეყანაში შესვლის დროს ტესტის გაკეთების ვალდებულება იხსნება.

თუ გარემოებები არ შეიცვლება, მთავრობა ბოლო შეზღუდვების მოხსნას 17 თებერვალს გეგმავს. თუმცა, მუნიციპალიტეტებს, მათი შეხედულებისამებრ, შეუძლიათ დამატებით დაადგინონ საკუთარი წესები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები