რა უპასუხეს აშშ-მა და ნატო-მ რუსეთს “უსაფრთხოების გარანტიებზე” – El Pais-მა დოკუმენტები გაასაჯაროვა

ესპანურენოვანმა გაზეთმა El Pais-მა “უსაფრთხოების გარანტიებზე” აშშ-ისა და ნატო-ს მიერ რუსეთისთვის გაცემული პასუხები გამოაქვეყნა.

საპასუხო წერილებში აშშ გამოხატავს მზადყოფნას, განიხილოს ორმხრივი ვალდებულებები უკრაინის საზღვარზე სიტუაციის დეესკალაციის პირობებში, მაგრამ ამავე დროს არ ამბობს უარს ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკის მხარდაჭერაზე.

წერილი იწყება იმით, რომ აშშ “მზად არის, განიხილოს რუსეთთან შეთანხმებები ორმხრივი ინტერესის საკითხებზე, მათ შორის, წერილობითი და ხელმოწერილი დოკუმენტები, რომლებიც ეხება შესაბამის უსაფრთხოების საკითხებს”.

შემდეგ აშშ განმარტავს საკუთარ პოზიციას უსაფრთხოების საკითხებზე:

– აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს ნატო-ს “ღია კარის” პოლიტიკას და ყველა სახელმწიფოს უფლებას, აირჩიონ უსაფრთხოების შეთანხმებები „ჩარევის გარეშე“;

– ვაშინგტონი მზადაა, განიხილოს “უსაფრთხოების განუყოფლობის” კონცეფცია, რომელიც დამტკიცდა ეუთო-ს 2010 წლის სამიტზე ასტანაში (ყაზახეთი), რადგან ის ეფუძნება მტკიცებას, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება გავლენას მოახდენს რუსეთის უსაფრთხოებაზე. აშშ არ იზიარებს რუსეთის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მზად არის, განიხილოს განსხვავებული ინტერპრეტაციები;

– უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, შეერთებული შტატები მზადაა, განიხილოს „გამჭვირვალობისა და ორმხრივი ვალდებულებების ორმხრივი პირობები“, რომლის მიხედვითაც რუსეთი და შეერთებული შტატები „თავს შეიკავებენ სახმელეთო შეტევითი სარაკეტო სისტემებისა და მუდმივი საბრძოლო ჯგუფების განლაგებისგან უკრაინის ტერიტორიაზე”. ამისთვის ვაშინგტონი კიევთან კონსულტაციებს გამართავს. თუმცა, ეს შესაძლებელია მხოლოდ საზღვარზე სიტუაციის დეესკალაციის შემთხვევაში.

– შეერთებული შტატები მზადაა, განიხილოს მექანიზმი, რომელიც დაუდასტურებს რუსეთს, რომ რუმინეთსა და პოლონეთში არ არიან განლაგებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტები. შეერთებული შტატები ასევე თავს შეიკავებს ევროკავშირში ბირთვული იარაღის განლაგებისგან. აშშ მზად არის, დაიწყოს დიალოგი შეიარაღების კონტროლის შესახებ საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების სფეროში.

– რუსეთის მხრიდან შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ აიძულებს შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს, გაზარდონ თავდაცვითი პოზიცია.

თავის მხრივ, ნატო-ც პასუხში აცხადებს თავის ერთგულებას „ღია კარის“ პოლიტიკისადმი და მოუწოდებს რუსეთს, აღადგინოს ორმხრივი ურთიერთობები, კერძოდ, გამართოს ორმხრივი კონსულტაციები და ბრიფინგები ბირთვულ და კოსმოსურ იარაღზე, კიბერსივრცეში საფრთხეებსა და სტრატეგიულ იარაღზე.

„არცერთ სხვა პარტნიორისთვის არ ყოფილა შეთავაზებული მსგავსი ურთიერთობა ან მსგავსი ინსტიტუციური სტრუქტურა. თუმცა, რუსეთმა დაარღვია ნდობა, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს თანამშრომლობას და დაუპირისპირდა გლობალური და ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის ფუნდამენტურ პრინციპებს“, – ნათქვამია ალიანსის პასუხში.

ასევე, აღინიშნება, რომ რუსეთის ურთიერთობებში პროგრესისთვის აუცილებელია, შეჩერდეს ძალების დაგროვება უკრაინის გარშემო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები