მსოფლიოში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით 22 239 622 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 17-23 იანვრის კვირასთან შედარებით უმნიშვნელო სხვაობას წარმოადგენს.
ამასთანავე, გაზრდილია გარდაცვლილთა სტატისტიკა. კერძოდ, 24-30 იანვარს მსოფლიოში ვირუსს 59 195 ადამიანი შეეწირა, რაც 17-23 იანვართან შედარებით 9%-ით მეტია.
შესაბამის სტატისტიკას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს.
ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში 37%-ით; აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 24%-ით და ევროპაში 7%-ით.
ამავდროულად, ამერიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკაში სიხშირე შემცირდა და აქ დაფიქსირებულია 20%-იანი, 8%-იანი და 4%-იანი კლება.
ევროპაში ინფიცირებულთა რიცხვმა ერთ კვირაში 11 მილიონს გადააჭარბა და ეს მაჩვენებელი ახალი ინფექციების 51%-ს შეადგენს.
სიკვდილიანობა განსაკუთრებით მკვეთრად გაიზარდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 41%-ით; აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 32%-ით.
ამასთან, აფრიკასა და ევროპაში ის შემცირდა, შესაბამისად, 7%-ით და 2%-ით.