ნორვეგიის სასამართლომ ბრეივიკს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი უთხრა

ნორვეგიის სასამართლომ მასობრივი მკვლელის, ანდერს ბრეივიკის ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

მანამდე, 77 ადამიანის მკვლელი ბრეივიკი ირწმუნებოდა, რომ საზოგადოებისთვის საშიში არ იყო და ვადაზე ადრე გათავისუფლება მოითხოვა. ამასთან, ფსიქიატრები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ტერორისტის მდგომარეობა არ შეცვლილა, ქვეყნის პროკურატურა მისი მხრიდან ახალი დანაშაულების საფრთხეზე საუბრობდა.

ბრეივიკის განაცხადზე სასამართლომ მსჯელობა 18 იანვარს დაიწყო.

მას 2011 წელს ოსლოში მასობრივი მკვლელობისთვის 21 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

2011 წელს ბრეივიკმა ოსლოში პრემიერმინისტრის ოფისთან დანაღმული მანქანა ააფეთქა, რის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. ამის მერე, ის კუნძულ უტოიაზე გაემგზავრა, სადაც ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულ ბანაკში 69 ადამიანი ჩაცხრილა. ბანაკში ორი ქართველი გოგონაც იმყოფებოდა. ერთ-ერთი, ნათია ჩხეტიანი ტერაქტს გადაურჩა, თამთა ლიპარტელიანი კი რამდენიმე დღეში მოკლულთა შორის იპოვეს.

პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, ულტრამემარჯვენე ტერორისტს არ გამოუჩენია სინანული დანაშაულის ჩადენის გამო, მსხვერპლთა ოჯახები შიშობენ, რომ ის საჯაროდ დაიცავს თავის ექსტრემალურ შეხედულებებს მოსმენების დროს.

2012 წელს, მისი სასამართლო პროცესის დროს ბრეივიკი ყოველდღიურად შედიოდა სასამართლო დარბაზში და ხალხს შეკრული მუშტით ესალმებოდა, მსხვერპლთა მშობლებს კი ეუბნებოდა, რომ მას სურდა მეტი ადამიანის მოკვლა.

ბრეივიკი ციხიდან ცდილობდა ფაშისტური პარტიის შექმნას და უკავშირდებოდა ელექტრონული ფოსტით მემარჯვენე ექსტრემისტებს ევროპასა და აშშ-ში. ციხის ხელმძღვანელობამ ამ წერილების უმეტესობა ამოიღო იმის შიშით, რომ ბრეივიკი სხვებს შთააგონებდა ძალადობრივი თავდასხმების განხორციელებისკენ.

2016 წელს მან მთავრობას უჩივლა და განაცხადა, რომ მისი იზოლაცია სხვა პატიმრებისგან, ხშირი ჩხრეკა და ის ფაქტი, რომ პატიმრობის პირველ ეტაპზე ხშირად ადებდნენ ხელბორკილებს, არღვევდა მის ადამიანურ უფლებებს.

ბრეივიკმა საქმე მოიგო, მაგრამ 2017 წელს გადაწყვეტილება უმაღლესმა სასამართლოებმა გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები