რუსთავში მერიის სოციალური პროგრამის ბენეფიციარები წამლებს ფასდაკლებით შეიძენენ
რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ფარმაცევტულ კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმის თანახმად, რუსთავი მერიის მედიკამენტებით დახმარების პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები, აფთიაქების მხრიდან, დამატებითი ფასდაკლებითაც ისარგებლებენ.
რუსთავის მუნიციპალიტეტმა 2022 წლიდან მედიკამენტებით დახმარების პროგრამის დაფინანსება გააორმაგა. მიმდინარე წლიდან პროგრამის ბენეფიციარები 100 ლარის ნაცვლად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ მედიკამენტების შესაძენად. მემორანდუმის თანახმად, კი ისინი ფასდაკლებითაც ისარგებლებენ და 200 ლარად, გაცილებით მეტი პრეპარატის შეძენას შეძლებენ. ფარმაცევტული კომპანიები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ „მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარების” პროგრამით მოსარგებლე რუსთაველებისთვის, კალკულაცია, ფასდაკლების დღეებში არსებული ფასით გასცენ კვირის ნებისმიერ დღეს. ბენეფიციარები სერვისს გამარტივებული წესით მათთვის მოხერხებული მოდელით მიიღებენ.
,,2022 წლიდან მედიკამენტებით დახმარების პროგრამა გავაორმაგეთ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს საკმარისი მაინც არ არის. დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელსაც რამდენიმე სააფთიაქო ქსელი შემოუერთდა. მემორანდუმის თანახმად, მოქალაქეები, რომლებიც მერიის მედიკამენტებით დახმარების პროგრამით სარგებლობენ, კიდევ დამატებით ფასდაკლებას მიიღებენ და 200 ლარად უფრო მეტი პრეპარატის შეძენას შეძლებენ”, – განაცხადა ნინო ლაცაბძემ.
რუსთავის მერის ამ ახალ ინიციატივას, ამ ეტაპზე, ,,ფარმაცევტული სახლი+”, ,,პსპ ფარმა” სს ,,გეფა”, ( ფარმა დეპო, ჯი პი სი) „იმპექსფარმი”, ,,ავერსი – ფარმა” და კ/ს ,,კალანდაძე” შემოუერთდა. ფასდაკლებით მედიკამენტების შეძენას მედიკამენტებით დახმარების პროგრამის ბენეფიციარები სწორედ ამ სააფთიაქო ქსელებში შეძლებენ.