ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მკაცრი სანქციები“ მოამზადა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრუსმა ქვეყნის პარლამენტს წარუდგინა ახალი კანონპროექტი, რომელიც გააძლიერებს და გააფართოებს ბრიტანეთის სანქციების რეჟიმს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო აგრესიის საპასუხოდ.

ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება.

ამ დრომდე, დიდ ბრიტანეთს შეეძლო სანქციების დაწესება მხოლოდ უკრაინის დესტაბილიზაციასთან დაკავშირებული პირების მიმართ. გაფართოებული რეჟიმი ნიშნავს, რომ სანქციები შეეხება კრემლთან დაახლოებული პირებისა და ბიზნესის წინააღმდეგ.

როგორც ბრიტანეთის მთავრობაში განაცხადეს, ახალი შეზღუდვები იძლევა საშუალებას, დაარტყას რუსეთის სახელმწიფოს და მისი სტრატეგიული ინტერესების „ყველაზე მტკივნეულ ადგილებში”.

რეჟიმი ასევე ითვალისწინებს, რომ ბრიტანეთს შეუძლია, იმოქმედოს აშშ-სა და სხვა მოკავშირეებთან ერთად აქტივების გაყინვისა და გარკვეული პირებისთვის მოგზაურობების აკრძალვის მიზნით.

„მიუხედავად იმისა, მხარს უჭერთ თუ არა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ, თუ უფრო ფართო მნიშვნელობა გაქვთ კრემლისთვის, ჩვენ გვექნება უფლება, დაგადოთ სანქციები. ყველა ვარიანტი შესაძლებელია და ვერსად დაიმალებით. ეს იქნება ყველაზე მკაცრი სანქციების რეჟიმი, რაც კი ოდესმე დაწესებულა რუსეთის მიმართ და იქნება ყველაზე დიდი ცვლილება ჩვენს მიდგომაში ევროკავშირის დატოვების შემდეგ“, – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრუსმა.

როგორც მან დასძინა,  ბრიტანეთმა ნათლად აჩვენა, რომ რუსეთისთვის ერთადერთი გზა იყო დეესკალაცია, აგრესიული ჰიბრიდული ომის კამპანიის შეწყვეტა და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დაწყება.

კანონი 10 თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები