ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საპენსიო სააგენტოს საქმიანობაზე იმსჯელა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს 2021 წლის 6 თვის საქმიანობის ანგარიში მოისმინა, რომელიც კანონმდებლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ გააცნო.

„2021 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, მთლიანად ჩვენს ელექტრონულ სისტემაში იყო 5 809 დამსაქმებელი – ორგანიზაცია და გაწევრიანდა 60 143 დასაქმებული-ახალი ბენეფიციარი. ჯამში სქემაში გაწევრიანებული ადამიანების რიცხვი იყო დაახლოებით ერთი მილიონ 166 ათასი, დღეისთვის კი ეს რიცხვი მილიონ 200 ათასს აჭარბებს”, – განაცხადა გიორგი დანელიამ.

მომხსენებელმა ანგარიშში ყურადღება ძირითადად ორ მიმართულებას – საოპერაციო და საინვესტიციო მიმართულებებს დაუთმო და ამ კუთხით სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სააგენტომ შარშან დაიწყო მუშაობა სერვისების ელექტრონული ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით – ეს ეხება ცნობების გაცემას, პენსიის დანიშვნას, სქემაში გაწევრიანებას, სქემის დატოვებას და ა. შ. გიორგი დანელიას ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საპენსიო სააგენტოს გახსნილი ჰქონდა ნომინალური მფლობელობის ანგარიშები საქართველოს 10 (ათი) კომერციულ ბანკში, ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკში. ამ პერიოდში ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე არსებულ თანხებზე დარიცხული ნომინალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 8.00-დან 9.60-მდე პროცენტს და, შესაბამისად, დარიცხული საპროცენტო სარგებლის ოდენობამ 18,243,117.18 ლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში 1,007 დასაქმებულმა ისარგებლა დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის უფლებით. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულებიდან აღნიშნულ პერიოდში სქემაში ხელახლა გაწევრიანდა 158 დასაქმებული. სააგენტომ ამასთანავე დაიწყო უკვე დაგროვილი თანხების გაცემაც და ამ პერიოდის განმავლობაში მიღებულ იქნა 423 განცხადება. მათ შორის: 135 განცხადება საპენსიო ასაკის მიღწევის გამო პენსიის დანიშვნის თაობაზე; 144 განცხადება შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსიის დანიშვნის თაობაზე; 7 განცხადება საქართველოს სამუდამოდ დატოვების გამო პენსიის დანიშვნის თაობაზე და 137 განცხადება მემკვიდრის მიერ გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების მიღების თაობაზე.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის განცხადებით, მიღებული განცხადებებიდან დაკმაყოფილებულ იქნა 281 და საანგარიშო პერიოდში გაცემული პენსიისა და საპენსიო აქტივების ჯამურმა ოდენობამ 546,851.63 ლარი შეადგინა. საინვესტიციო მიმართულებებზე საუბრისას გიორგი დანელიამ აღნიშნა, რომ საინვესტიციო საქმიანობას წარმართავს საინვესტიციო საბჭო, შემდგარი ოთხი წევრისგან: ოლივიერ რუსო (თავმჯდომარე), ჟან-ფრედერიკ პოლსენი (თავმჯდომარის მოადგილე), მაიკლ რიდლი და ტიმო ვიჰერკენტა, რომლებიც პარლამენტის მიერ არიან დანიშნულნი.

2021 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საინვესტიციო სამსახური აქტიურად განიხილავდა სხვადასხვა საინვესტიციო შესაძლებლობებს ქართულ კომერციულ ბანკებთან, რომლებიც საკრედიტო რისკის და სხვა მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ. 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საინვესტიციო აქტივების მოცულობა შეადგენდა 1 მილიარდ 548 მილიონ 282ათას 942 ლარს და განთავსებული იყო 8 ქართულ კომერციულ ბანკში. მომხსენებლის განცხადებით, საპენსიო ფონდის მომგებიანობა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2021 წლის 30 ივნისამდე შეადგენდა 24.5%-ს, ინფლაციის გათვალისწინებით, ბენეფიციარებმა საბოლოოდ რეალური 5%-იანი სარგებელი მიიღეს. მომხსენებელმა ყურადღება დაუთმო ასევე რისკის კონტროლის სამსახურის საქმიანობას და უპასუხა კომიტეტის წევრების კითხვებს. საბოლოოდ კომიტეტმა საპენსიო სააგენტოს 2021 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები