“2021 წლის ეკონომიკური ზრდა ბოლო 14 წლის მანძილზე ყველაზე მაღალია” – იოსებ არჩვაძე

“საქართველოს ეკონომიკაში 2021 წელს დაფიქსირდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა (+10.6%), რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 14 წლის მანძილზე (2007 წ.: +12.6%). ამასთან, წინა წელთან მატების 2021 წლის აბსოლუტური მაჩვენებელი აშშ დოლარებში თითქმის 2-ჯერ აღემატება 2007 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს”, – ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა, იოსებ არჩვაძემ 2021 წლის ეკონომიკის ზრდის მონაცემი, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა მიღწეულია ეროვნული მეურნეობის დარგებში, სადაც იქმნება დამატებული ღირებულების 4/5-ზე მეტი (მშენებლობის, სოფლის მეურნეობისა და განათლების სექტორების გარდა).

“ეკონომიკური ზრდის 9/10-ზე მეტი უზრუნველყო ზრდის ინტენსიურმა ფაქტორმა – დასაქმებულთა შრომის მწარმოებლურობის ამაღლებამ. აღნიშნული პროგრესი მიღწეულია ხელისუფლების თანმიმდევრული და რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკის, კერძო ბიზნესის მხარდაჭერისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის განხორციელებული კომპლექსური პროგრამების რეალიზაციის ხარჯზე.
წარმატება და სერიოზული წინსვლა დაფიქსირდა ეკონომიკის ყველა მაკროეკონომიკური ინდიკატორის მიხედვით, თანაც, მნიშვნელოვნად იქნა გადაჭარბებული პანდემიამდელი პარამეტრები: 2020 წელთან შედარებით ეროვნული ეკონომიკა რეალურ განზომილებაში 2021 წელს გაიზარდა 10.6 პროცენტით (პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით – 3.1 პროცენტით), ექსპორტი (4242.3 მლნ. აშშ დოლარი) – 26.9%-ით (2019 წ.-თან შედარებით – 11.7%-ით), მათ შორის ადგილობრივი ექსპორტი (3127.0 მლნ. აშშ დოლარი) – 29.9%-ით (2019წ.-თან – 14.3%-ით). 2021 წლის დეკემბერში ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა (11505.4 მლნ. ლარი) 31.2 პროცენტით აღემატებოდა 2020 წლის დეკემბრის ბრუნვას (2019 წ.-დეკემბრისას – 24.5%-ით). მხოლოდ 2021 წლის დეკემბერში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 4553 შეადგინა, რაც 2020 წლის დეკემბრის მაჩვენებელს 21 პროცენტით, ხოლო 2019 წლის დეკემბრისას – 13.4 პროცენტით აღემატება.

განსაკუთრებით თვალსაჩინო შედეგები დაფიქსირდა საერთაშორისო ვაჭრობაში, სადაც მთლიანი ექსპორტის რეკორდული მოცულობის პარალელურად საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექპორტმა პირველად გადალახა ერთმილიარდიანი (აშშ დოლარებში) დონე და 1142 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, წინა წელთან შედარებით აგროსასურსათო საქონლის ხაზით ექსპორტის აბსოლუტურმა მატებამ იმპორტის აბსოლუტურ მატებას 41 პროცენტით გადააჭარბა. ამჟამად აგროსასურსათო საქონლით ექსპორტით იმპორტის გადაფარვა შეადგენს 84.3 პროცენტს, რაც 2-ჯერ აღემატება მთლიანი ექსპორტ-იმპორტის შესაბამის მაჩვენებელს და 44.1 პუნქტით – 2012 წლის მაჩვენებელს (2012 წ. – 40.2%). აღსანიშნავია, რომ აგროსასურსათო საქონლის ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი სალდო 2021 წელს 212 წელთან შედარებით 3.6-ჯერ შემცირდა და მხოლოდ 212 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2012 წ.: -758.8 მლნ. აშშ დოლარი).

პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება მომსახურების ექსპორტის ხაზითაც, სადაც დაკარგულ პოზიციებს თანდათან იბრუნებს ტურისტული სექტორი. – აქ დეკემბრის მდგომარეობით შემოსავლებმა პანდემიამდელი 2019 წლის დეკემბრის დონის 58 პროცენტს მიაღწია.

ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან რესურსს და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების ფაქტორს წარმოადგენს საზღვარგარეთიდან საქართველოში შრომითი მიგრანტების მიერ განხორციელებული ფულადი გზავნილები, რომლებმაც 2021 წლის ივნისიდან ყოველთვიურად 200 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო მთლიანად 2021 წელს – 2349.6 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (24.6%-ით მეტი წინა წელთან შედარებით). ამასთან, იტალიაზე, საბერძნეთსა და აშშ-ზე მოდის წმინდა ფულადი ტრანზაქციების 43.6 პროცენტი (2012 წ. – 26.2%).

მოტანილი მონაცემები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ ეკონომიკაში დინამიზმის პოზიტიურ ტრენდს, რომელიც ქმნის ობიექტურ და მყარ საფუძველს 2022 და მომდევნო წლებში ქვეყნის ეკონომიკის ზრდის, საგარეო ვაჭრობის ხაზით ქართული პროდუქციის პოზიციების კიდევ უფრო გამყარების და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, მთლიანობაში – მდგრადი განვითარებისა და საზოგადოების წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური ამოცანების უფრო ოპერატიულად და წარმატებით გადასაჭრელად”, – წერს იოსებ არჩვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები