პოლიციამ მესტიასა და მარტვილში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შენახვისთვის ორი პირი დააკავა

პოლიციამ მესტიისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალის შენახვისთვის ორი ბრალდებული დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიისა და მარტვილის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ბ.ფ. და 1949 წელს დაბადებული ა.ლ. დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბ.ფ.-ის საცხოვრებელ სახლში არსებული სამალავიდან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 100 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. რაც შეეხება ა.ლ.-ს, პოლიციამ მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მდებარე სათავსოდან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი, 93 ვაზნა, 4 კაფსულ-დეტონატორი და არარეგისტრირებული ორლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებენ სამინისტროში.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები