ადვოკატი: Netflix-ს არ უნდოდა ამ დავაში შესვლა და მოსამართლემ მას უთხრა, რომ უნდა დაჯდეს საჭადრაკო დაფასთან და ითამაშოს ეს პარტია ნონა გაფრინდაშვილთან

ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ Netflix ,ფაქტობრივად, დასვა საჭადრაკო დაფასთან, – ამის შესახებ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა კალიფორნიის სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომელმაც Netflix-ის შუამდგომლობა – გაეუქმებინა ნონა გაფრინდაშვილის მიერ შეტანილი სარჩელი – არ დააკმაყოფილა.

ადვოკატის შეფასებით, მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო და გაიზიარა მოსარჩელე მხარის ყველა არგუმენტაცია საქმესთან დაკავშირებით.

„თავისი არსით ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ თქვა, რომ ასეთი პრეცედენტი არ არსებობს ამერიკის სასამართლო პრაქტიკაში, რომ რადგან ნაწარმოები მხატვრულია, ეს იყოს იმის მიზეზი, რომ ამ მხატვრული ნაწარმოების ქუდით დააზიანო რეალური ადამიანის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. სასამართლო ამ გადაწყვეტილებით პასუხობს Netflix-ის ყველა ძირითად არგუმენტს და აქარწყლებს. ფაქტობრივად, მთლიანად მიჰყვება ჩვენი შესაგებლის ხაზს, სრულად იზიარებს ყველა ჩვენს არგუმენტაციას. Netflix-ის ყველა არგუმენტი სასამართლომ გააბათილა. ძალიან საინტერესო მსჯელობებია ამ გადაწყვეტილებაში და სასამართლომ დაცვის მხარის არც ერთი არგუმენტი არ გაიზიარა და თქვა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ Netflix-ის მტკიცებულებები, რომლებიც მას ჰქონდა წარმოდგენილი, პირიქით, დაცვის მხარის წინააღმდეგ მუშაობს და აჩვენებს იმას, რომ Netflix -მა განგებ აუარა გვერდი ნონა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით არსებულ გარემოებებს. სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

შეგახსენებთ, საქმე ეხება Netflix-ის მინისერიალს “ლაზიერის გამბიტი”. სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა იმის შესახებ, რომ გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია. სარჩელში ნათქვამია, რომ “ლაზიერის გამბიტში” აღწერილი ეპიზოდი 1968 წელს განვითარებულ მოვლენებს აღწერს, რა დროსაც გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ კაც მოჭადრაკესთან.

მანამდე, 7 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე, რომელსაც ქართული მხარე დისტანციურად დაესწრო, სერიალ ლაზიერის გამბიტის სცენარისტი და პროდიუსერი, ფრენკ სკოტი გამოიკითხა. სასამართლოს Netflix-მა საკუთარი საპასუხო შუამდგომლობა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც კომპანია არ მიიჩნევს, რომ ნონა გაფრინდაშვილის პროფესიული მიღწევები და საქმიანი რეპუტაცია დააზიანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები