სასამართლომ არასრულწლოვანის ცემის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელებს პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელებს პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურამ დაკავებული სამართალდამცველების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენება მოითხოვა. პროკურორ ალექსანდრე ჩხეიძის განმარტებით, მათი მოთხოვნა იმ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ არსებობს მიმალვის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულები ჩვენებებში ადასტურებენ, რომ 23 იანვარს, მომხდარი ფაქტის დროს, მეტროპოლიტენში იმყოფებოდნენ, თუმცა ამბობენ, რომ გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები პირები ისინი არ არიან.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მეტროში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი არასრულწლოვან შშმ პირს ფიზიკურად გაუსწორდა. საქმეზე ორი პოლიციელი დააკავეს.

ცნობისთვის, პატრულ-ინსპექტორ ნუკრი ბაქრაძეს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმის მეორე ბრალდებულს, პატრულ-ინსპექტორს, კახა ბაკაშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები