“მომართვიანობა არ მომატებულა, ვითარება სტაბილურია” – ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე აცხადებს, რომ, ამ ეტაპზე, რეანიმაციაში ახალი მძიმე პაციენტი არ შესულა.
მისი თქმით, ციციშვილის კლინიკაში ამ დროისთვის 165 ბავშვი მკურნალობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც მაია ჩხაიძე განმარტავს, „ომიკრონის“ შემთხვევაში, „დელტასგან“ განსხვავებით, პაციენტების ჰოსპიტალიზაცია სამი დღე გრძელდება.
„ამ ეტაპზე, საწოლები გვაქვს. გასაწერია 35 პაციენტი, რამდენიმე საათში გაეწერებიან და კიდევ უფრო მეტი ადგილი გამოჩნდება. ამ ეტაპზე, 12 ადგილი მაინც არის. რეანიმაციაში ახალი მძიმე პაციენტი არ შემოსულა. 3 პაციენტი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იყო, სტაბილურად მძიმედაა და ისევ მართვით სუნთქვაზე რჩებიან. ამ ეტაპზე, სასწრაფოსაც მოჰყავს წლამდე ასაკის ბავშვები ან რისკჯგუფის პაციენტები. ამ დროისთვის, 12 წლის ზემოთ აცრილი პაციენტი არ გვყავს”, – აცხადებს მაია ჩხაიძე.
მისი განმარტებით, საავადმყოფოსთვის მიმართვიანობა არ მომატებულა და ვითარება სტაბილურია.
“მომართვიანობა არ მომატებულა, ვითარება სტაბილურია, მგონი, უკვე ოჯახის პირობებშიც დაიწყეს მსუბუქი მდგომარეობის ბავშვების მართვა“, – აცხადებს მაია ჩხაიძე.