მიხეილ სააკაშვილი: ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება, ის იმავე დღეებში ანაკლიის დაკავებას, ასევე, სამეგრელოში უფრო ღრმად, სამხედრო რეიდებს აპირებს
“ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება, ის იმავე დღეებში ანაკლიის დაკავებას, ასევე, სამეგრელოში უფრო ღრმად, სამხედრო რეიდებს აპირებს”, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი.
მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ ამერიკაში ბოლო ჩასვლისას ინფორმირებულმა წყარომ უთხრა.
“ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება, ის იმავე დღეებში ანაკლიის დაკავებას, ასევე, სამეგრელოში უფრო ღრმად, სამხედრო რეიდებს აპირებს. მათ შორის, ფოთის პორტში, რათა დასავლეთს გადაუკეტოს ჩვენი პორტების ახლა გამოყენებისა და მომავალში ანაკლია/ლაზიკა პორტის მშენებლობა.
ამ სცენარზე ამერიკაში ბოლო ჩასვლისას, ძალიან ინფორმირებული წყარო მესაუბრა. უფრო მეტიც, პენტაგონში, ლუიზიანას შტატში ჩატარებული სწავლებების დროს ანაკლიის დაცვის სცენარი გავლილი აქვთ სამხედრო ბრიგადის დონეზე.
არ მგონია, რომ ეს კლეპტოკრატიული ხელისუფლება არ იყოს საქმის კურსში, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ყურსაც არ იბერტყავენ. რაც უნდა ჩუმად იყვნენ, რუსეთი მაინც გააკეთებს იმას, რაც დაგეგმა.
დღეს რომ იქ უკვე პორტი იყოს, რომლის აშენებასაც 2013 წლის ბოლომდე ვგეგმავდით და ქალაქი იყოს გაშენებული, ბევრად უფრო გაუჭირდებოდათ ანექსია და ახლა პრაქტიკულად მიტოვებულ ადგილს მიუერთებენ ოკუპაციის ზონას ისე, რომ დანარჩენი მსოფლიო ვერც მიხვდება, რატომ ვჯავრობთ რამდენიმე კილომეტრზე, რომელსაც მაინც ვერ ვიყენებთ.
სხვათა შორის, რუსებს ეს გეგმა 2009 წელსაც ჰქონდათ და მაშინ ეს თავიდან ვიცეპრეზიდენტ ბაიდენის ჩარევით ავიცილეთ”, – ნათქვამია მიმართვაში.