“ვლადიმერ ხინჩეგაშვილს “ნიუ-იორკის რეგიონულ საწვრთნელ ცენტრში’’ არასოდეს უმუშავია” – გორის მერია
გორის მუნიციპალიტეტის მერია მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმის თაობაზე, თითქოს, გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პრაქტიკოს მასწავლებლად აშშ-ში, კერძოდ, “ნიუ-იორკის რეგიონალურ საწვრთნელ ცენტრში’’ მუშაობს და ამ ცენტრის პრაქტიკოს-მასწავლებელია.
გორის მერია, საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით, განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არა თუ ამ ეტაპზე არ მუშაობს, არამედ არასდროს უმუშავია “ნიუ-იორკის რეგიონალურ საწვრთნელ ცენტრში’’.
“მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა გადაღებულია 2017 – 2020 წლებში და ასახავს სპორტსმენის ვარჯიშს იმ დროს, როდესაც ის საწვრთნელ ცენტრში სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა და მასტერკლასებს ატარებდა.
გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მიმართ, მედიასაშუალებებმა არაერთხელ გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია, ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ სიცრუის ტირაჟირებისგან და მიზანმიმართულად ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.