იენს სტოლტენბერგი: ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეული ქვეყნის უფლებას, თავად აირჩიოს თავისი ალიანსები

ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ჩვენი წარმომადგენლობის კიდევ უფრო გაძლიერებას განვიხილავთ, რაც ნატოს დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განლაგებას შეიძლება მოიცავდეს, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო კვლავ მზად არის რუსეთთან დიალოგის გასაგრძელებლად.

„კონფლიქტის რისკი რეალური რჩება. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისა და დიპლომატიის გზის არჩევისკენ. ნატო თავდაცვითი ალიანსია, რომელიც არ ემუქრება რუსეთს და არცერთ სხვა ქვეყანას, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია ჩვენი ყველა მოკავშირის დასაცავად. ნატოს მოკავშირეები მზად არიან, ჩაერთონ დიალოგში, თუმცა ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: ნატო არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეული ქვეყნის უფლებას, თავად აირჩიოს თავისი ალიანსები. ნატოს კარი ღია რჩება“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ცნობისთვის, უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინას თავს დაესხმება.

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების დაგროვებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები