„ზოგჯერ მუზა სადღაც მემალება“ – 13 წლის მხატვარი, რომელმაც გოდერძი ჩოხელის პორტრეტი დახატა, მწერლობას აპირებს

ჯერ მხოლოდ 13 წლისაა… დაიბად ბათუმში. სწავლობდა ბათუმის №1 საჯარო სკოლაში. 2018 წელს ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა და სწავლა განაგრძ თბილისის №145 საჯარო სკოლაში. ამჟამად ამ სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე. პირველი ნახატები 4-5 წლის ასაკში შექმნა. დადიოდ სხვადასხვა სამხატვრო სტუდიაში.
ყვარს თავისუფალი თემების, მოთხრობების, ზღაპრების, ჩანახატების წერა. საკუთარ ნაწარმოებებს თავადვე აფორმებს ნახატებით. ასევესწავლობ  ონლაინ ლიტერატურულ სალონ მარინას სკოლაში.
ფიქრობს, რომ სამომავლოდ გახდეს მწერალი, რომელიც თვითონ შექმნის ილუსტრაციებს თავისი ნაწარმოებებისთვის. – ანასტასია პრიხოდკოს პერსონა.

 

   ბათუმიდან ხართ. იქ დაიბადეთ… როგორი იყო ადრეული ბავშვობა და ბათუმში გატარებული წლები?
– ჩემი მშობლები არიან: ნინო კეჭეხმაძე და გელა პრიხოდკო. მყავს უმცროსი ძმა, იოსები. ჩვენ თავდაპირველად ბათუმში ვცხოვრობდით, მაგრამ შემდეგ, ოჯახური პირობების გამო, თბილისში გადმოვედით. ბათუმში გატარებული წლები ჩემთვის ყველაზე ტკბილი და საყვარელია. ძალიან მიყვარს ჩემი მშობლიური ქალაქი. ახლაც ყოველ ზაფხულს მოუთმენლად ველოდები, რადგან ვიცი, რომ ბათუმში წავალ და მონატრებული ქალაქსა და ადამიანებს შევხვდები.
როდის დაიწყეთ ხატვა? პირველი ნახატები…
– ხატვა დავიწყე ძალიან პატარა ასაკში, ვიყავი დაახლოებით 4-5 წლის. ჩემს პირველ ნახატზე გამოსახული იყო ზღვაში მზის  ჩასვლა. ამ ნახატის შთაგონება მაშინ მოვიდა, როცა ბათუმის ბულვარში ვსეირნობდი. მაშინ სულ პატარა ვიყავი და სათაურზე ბევრი არც მიფიქრია და ასე დავარქვი „მზის ჩასვლა ბათუმში”.
 ხატვასთან ერთად წერთ მოთხრობებს, ჩანახატებს, ზღაპრებს… რაზე იყო პირველი ნაწერები?
– თემებს, რა თქმა უნდა, ადრეც ვწერდი, როცა დაწყებით კლასებში ვიყავი. აქვე მინდა აღნიშნოს, ჩემი პირველი პედაგოგის, ქალბატონი ბელა ნამგალაძის დიდი დამსახურება. პირველმა სწორედ მან გამომიმუშავა თემების წერის კულტურა. მე-3-4 კლასებში ხშირად ვწერდით პატარ-პატარა თავისუფალ თემებს და მაშინ ჩაეყარა საფუძველი წერისადმი ჩემს სიყვარულს. ამის გამო მისი ძალიან დიდი მადლიერი ვარ.
თემების გაფორმება ჩემივე ილუსტრაციებით მას შემდეგ დავიწყე, რაც ლიტერატურულ სალონ „მარინას სკოლას” დავუკავშირდი.
ერთ-ერთ პირველ გაკვეთილზე მარინა მასწავლებელმა (მარინა გოგოლაშვილი) შემომთავაზა, ჩემი თემის გაფორმება ჩემივე ილუსტაციებით. მეც სიხარულით დავთანხმდი და კარგი შედეგიც მივიღეთ. ეს საქმიანობა ძალიან შემიყვარდა და ჩემს მიზნად იქცა, რომ მწერალი გამოვიდე, რომელიც თავის ნაწარმოებებს თავად აფორმებს.
ვფიქრობ, ამ შემოთავაზებამ შეცვალა ჩემი ცხოვრება და ამის გამო მარინა მასწავლებელს უზომოდ ვემადლიერები. მან დამაყენა სწორ გზაზე და თვალნათლივ დამანახვა, რა უნდა მეკეთებინა.
–  2018 წელს ბათუმიდან  თბილისში გადმოხვედით საცხოვრებლად და სწავლა თბილისის №145 საჯარო სკოლაში განაგრძეთ… სხვადასხვა სამხატვრო სტუდიაში დადიოდით…
– ამ წლებიდან განსაკუთრებით დამამახსოვრდა ჩემი პირველი მასწავლებელი, გუგული ღოღობერიძე. მასთან პირველად 6  წლის ასაკში მივედი, მაშინ ჯერ კიდევ ბათუმში ვცხოვრობდი. სწორედ მან დამაჭერინა პირველად  ხელში ფუნჯი, მან გადამადგმევინა პირველი ნაბიჯები მხატვრობაში. შემდეგ მე-2-3 კლასში დავდიოდი ლალი ღვინჯილიასთან. იქ ხატვის სხვადასხვა საინტერესო ტექნიკა ავითვისე და დავხატე პირველი პეიზაჟიც ბუნებაში. ეს ნახატი დღესაც ძალიან მიყვარს.
ბილისში რომ გადმოვედი, შევედი ჩვენს სკოლასთან არსებულ სამხატვრო სტუდიაში „არტ-თაობა“, სადაც მასწავლიდა მაია კაკაბაძე. აქ უკვე პროფესიონალურ დონეზე დავიწყე ხატვა. თან შედარებით დიდი ვიყავი. ამ მასწავლებლების ძალიან ვემადლიერები. ასევე ძალიან ვემადლიერები ჩემი სკოლის ხელოვნების მასწავლებელს, ქეთევან გელაშვილს, რომლისგანაც უამრავ რამეს ვსწავლობ  ხელოვნების ისტორიაში.
  როგორ დაიხატა გოდერძი ჩოხელის გრაფიკული პორტრეტი? რატომ გიყვართ გოდერძი ჩოხელი?
– მოდით, ჯერ სიყვარულიდან დავიწყებ. „მარინას სკოლაში“ მქონდა დავალება, მენახა ფილმი „აღდგომა“, რომელზე შემდეგ ბევრი ვისაუბრეთ. გოდერძი ჩოხელის მიმართ დიდი ინტერესიც სწორედ ამის შემდეგ დამებადა და მის არაერთი ნაწარმოებს  გავეცანი. როცა წავიკითხე გოდერძი ჩოხელის „წერტილი და მძიმე”, მარინა მასწავლებელმა დასაწერად შემომთავაზა თემა „წერტილი და მძიმე – გოდერძის მეგობრები”.
როცა თემა დავწერე, ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, თუ გოდერძის პორტრეტს დავურთავდი. თან გოდერძი ჩოხელი განსაკუთრებით მიყვარს. წერის განსხვავებული სტილი აქვს და ეს ძალიან მომწონს. თან მის ნაწარმოებებთან ბევრი მოგონება მაკავშირებს.
ხატავთ როგორც ფერწერულ, ისე გრაფიკულ ნამუშევრებს… პორტრეტები მართლაც გამოირჩევა ხასიათის ზუსტი შტრიხებით… როგორ იქმნება პორტრეტები?
– უნდა ვაღიარო, რომ პორტრეტის შექმნა არც ისე ადვილია. უნდა იცოდე ადამიანის ხასიათი… მაგრამ ზოგჯერ ვხატავთ ადამიანებს, რომლებსაც პირადად არ ვიცნობთ. ამისთვის რაიმე მცირე ინფორმაციას  მაინც უნდა ფლობდე მის შესახებ. როგორ დავხატე გოდერძი ჩოხელის პორტრეტი?  წამიკითხავს მისი მრავალი ნაწარმოები, ვიცი მისი ბიოგრაფია და ეს დამეხმარა. შეიძლება პორტრეტის ყველა ნაკვთი ზუსტი არ იყოს, მაგრამ მთავარია, ხასიათს ზუსტად ასახავდეს.
ზღაპრებიდან და მოთხრობებიდან რომელზე გაამახვილებდით ყურადღებას?
– ჩემი ნაწარმოებებიდან ჩემთვის განსაკუთრებულია რამდენიმე მათგანი: „ეს მე ვარ – ფიროსმანი”, „საახალწლო ზღაპარი” და  „ცისარტყელა – ღვთის ნიშანი”.
ხოლო  ზღაპრით „ტასუნა და ასტრიდ ლიდგრენი“  იმის თქმა მინდოდა, რომ მკითხველი შეიძლება ისე დაუახლოვდეს წიგნის პერსონაჟს, თითქოს რეალური ადამიანია და წარმოიდგინოს მასთან დროის გატარების პროცესი.
   შთაგონება როგორ მოდის?
შთაგონება შეიძლება ნებისმიერმა ნივთისგან მოვიდეს. შეიძლება რაიმე დავინახო, წავიკითხო, მოვისმინო და შთაგონება მომივიდეს. ზოგჯერ ასეც ხდება, რომ მუზა სადღაც მემალება და ჩემთან არ მოდის, ამ დროს მე ფუნჯს გადავდებ და ხატვას ვწყვეტ. ზოგჯერ ერთი რამის ხატვას ვიწყებ… უეცრად სხვა რაიმეს ხატვა მინდება და, საბოლოოდ, სულ სხვა შედეგს ვიღებ.
 ონლაინსალონ „მარინას სკოლაში“ სწავლობ… ანუ ლიტერატურულ სალონში… რა შეგძინათ ამ წლებმა?

მარინა გოგოლაშვილის პორტრეტი

– „მარინას სკოლაში” წელიწადნახევარია, რაც დავდივარ და უამრავი რამ გავიგე და ვისწავლე. მარინა მასწავლებელი ყოველთვის ცდილობს, რომ საინტერესო გაკვეთილები ჩაატაროს და დავალებებიც ასეთივე მომცეს. ბევრს მიყვება სხვადასხვა მწერლებსა და პოეტებზე. ვსაუბრობთ მხატვრობაზე, მუსიკაზე, ფილმებზე, ფოტოგრაფიაზე… ასე რომ, „მარინას სკოლაში” ქართული ლიტერატურის გარდა კიდევ მრავალი რამ გავიგე. მარინა მასწავლებელთან ურთიერთობის შემდეგ გავხდი მეტად მიზანდასახული, თავდაჯერებული…
ჰობი…
– საერთოდ, ძალიან ბევრი რამით ვარ დაინტერესებული, უკვე გაიგეთ ხატვისა და წერის შესახებ, გატაცებით ვუყურებ ფანტასტიკური და შემეცნებითი ჟანრის ფილმებს, ამ ბოლო დროს გამიტაცა თიხის ნაკეთობების დამზადებამ და შემდეგ მათმა მოხატვამ. სულ რამდენიმე თვეა,  ამ საქმით ვარ დაკავებული და ამიტომ ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე მცირე ზომის ნამუშევარი მაქვს დამზადებული.
სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ ძალიან დიდი გეგმები მაქვს,  აუცილებლად გავხდები მწერალი, რომელიც თვითონ ქმნის ილუსტრაციებს თავისი ნაწარმოებებისთვის, შემდეგ კი გამოვცემ ჩემი ნაწარმოებების კრებულებს, რომლებსაც მე თვითონვე  შევუქმნი დიზაინს.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები