გიორგი ცუცქირიძე რუსეთზე- თუ უკრაინის ოკუპაცია გაუვიდა, არა თუ ჩვენ, ბალტიასაც მიადგება და ყოფილ ვარშავის ბლოკის ქვეყნებსაც

დღესაც პუტინის მესიანური იდეა არა რუსეთის გაძლიერება, როგორც ეს აქ თუ დასავლეთში ზოგიერთ ექსპერტს ჰგონია, რაც დასავლეთთან სავაჭროდ კუნთების თამაშის ნაწილად განიხილება, არამედ რუსეთის გლობალურ მოთამაშედ ქცევაა, ახალი გეოპოლიტიკური ღერძის ფუნქციით, რაც მთავარია აშშ-ის განდევნით ევრაზიიდან და შემდეგ ევროპიდანაც, – ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, რუსეთი სწორედ ამ მიზნით შემოიჭრა 2008 წელს საქართველოში და აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით ძირძველი ქართული მიწების ანექსია განახორციელა.

“დიდი ომის აჩრდილი. დღეს, ბევრს უკვირს რაში ჭირდება რუსეთს ზედმეტი შარის აკიდება, ახალი სანქციებით და უკრაინის ახალი ოკუპაცია, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინას ისედაც აკონტროლებს.

მთავარ შეცდომასაც აქ უშვებენ. მაგ ლოგიკით, არც მე-11 არმიას ჭირდებოდა აქ შემოსვლა წესით, საბჭოთა რუსეთთან ჟორდანიას მთავრობის მხრიდან მეგობრობის ხელშეკრულებაც კი იყო დადებული, მაგრამ იდეა სსრკ-ის შექმნა იყო და ბაქოს აღების შემდეგ, უკვე გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ შემდეგი საქართველო იქნებოდა. დღესაც პუტინის მესიანური იდეა არა რუსეთის გაძლიერება, როგორც ეს აქ თუ დასავლეთში ზოგიერთ ექსპერტს ჰგონია, რაც დასავლეთთან სავაჭროდ კუნთების თამაშის ნაწილად განიხილება, არამედ ახალი გეოპოლიტიკური ღერძის ფუნქციით რუსეთის გლობალურ მოთამაშედ ქცევაა, რაც მთავარია აშშ-ის განდევნით ევრაზიიდან და შემდეგ ევროპიდანაც.

სწორედ ამ მიზნით შემოიჭრა 2008 წლის აგვისტოში საქართველოში და შემდეგ, ძირძველი ქართული მიწების ანექსია განახორციელა, აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით. რუსეთის მოდერნიზებულ იმპერიად გადაქცევას უკავშირდება უკრაინის ოკუპაციაც, რაც უკრაინის და საქართველოს გარეშე უბრალოდ არ გამოვა. აქედან გამომდინარე, თუ უკრაინის ოკუპაცია გაუვიდა, არა თუ ჩვენ, ბალტიასაც მიადგება, და ყოფილ ვარშავის ბლოკის ქვეყნებსაც.

რუსეთის მხრიდან არათუ დეესკალაციის, არამედ არსებული ესკალაციის ახალ რეჟიმში გადაყვანას და უკრაინაში მოსალოდნელი შეჭრის ამოცანას ემსახურება ბელორუსთან ერთობლივი მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება და ამ მიზნით, შორეული აღმოსავლეთიდან თანამედროვე შეიარაღების და ცოცხალი ძალის 200 დე ეშელონის გადასროლა.

ანალოგიური მანევრი რუსეთმა 2008 წელსაც განახორციელა, როდესაც აქ შემოჭრამდე ჩრდილოეთ კავკასიაში მასშტაბური წვრთნები გამართა და ცოცხალი ძალა და შეიარაღებაც ადგილზე დატოვა. რუსეთის ეს მანევრი, რაც დასავლეთზე ზეწოლადაც განიხილება რუსული ულტიმატუმის და უკრაინის მოსალოდნელი ინტერვენციის ფონზე, თავის მხრივ ნატოსაც შეიარაღებული ძალები მზადყოფნის რეჟიმში გადაჰყავს და აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო გემებს, ასევე გამანადგურებლებს აგზავნის შეკავების, თავდაცვის გასაძლიერებლად, როცა უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა ხორციელდება. ნატოს ანალოგიურად შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ყოფნის გაზრდას გეგმავს. საქართველო დიდი გამოწვევების და ყოფნა-არყოფნის წინაშე დგას, უკვე მერამდენედ.

არავის არ ვაშინებ, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, მოსალოდნელი დიდი ომის აჩრდილი სულ უფრო რეალური ხდება, ისევე როგორც რუსული ვაბანკის ფინალი. თუ პუტინისტური რუსეთი ამ ავანწიურას წააგებს, იმპერიის აღდგენის სანაცვლოდ, უკვე რუსეთის დაშლა ხდება გარდაუვალი. დიპლომატიასთან ერთად, ახლა ღირსეულად მოქცევა თუ გადაგვარჩენს, კაპიტულაციას არც შთამომავლობა და არც მომავალი არ გვაპატიებს! როგორც დიდი შოთა იტყოდა -“შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები