სერგო ჩიხლაძე: კორონავირუსის მართვის მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროსგან დალაგებულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ
“კორონავირუსის მართვის მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროსგან მწყობრ პოლიტიკას, დალაგებულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, პირველადი ჯანდაცვა გამართული იყოს.
„იზრდება კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მიუხედავად შაბათ-კვირისა და მცირე რაოდენობის ტესტებისა. ამასთან, გამოწვევაა საწოლფონდი, ამას ამძიმებს ის ვითარება, რომ დეკემბერსა და იანვრის დასაწყისში ჯანდაცვის სამინისტრომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ კოვიდმიმღებ კლინიკებს ჩამოართვა ეს სტატუსი, იმის მაგივრად, რომ გაეზარდა ეს სტატუსი და რეზერვში მეტი საწოლი მოემზადებინა, პირიქით, ამის დანაკლისი გააჩინა, მიუხედავად იმისა, რომ 27 ნოემბრიდან ქვეყანამ, ჯანდაცვის სამინისტრომ იცოდა „ომიკრონის“ გავრცელების საშიშროება და ასეთი მაღალი რიცხვების ალბათობა. ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, კარგ მომზადებაზე არ მეტყველებს. ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვა, პაციენტების ბინაზე მართვის პრობლემა და ეს, რაც დღეს ავტომატიზებული უნდა ყოფილიყო, არ არის აწყობილი. მესამე მიმართულება არის ბავშვთა მიმართულება. ამ მიმართულებით არის სამუშაო, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ჯანდაცვის სამინისტროსგან მწყობრ პოლიტიკას, დალაგებულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ,“ – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.